საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს მოქალაქეებს ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა”.
“ყველას კარგად გვესმის, რომ აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ამ პროგრამის მიზანი”, — აღნიშნავს გახარია.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქართული პროდუქტი “სულ უფრო და უფრო ხარისხიანი ხდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ“, — აცხადებს იგი.
იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით შემუშავებული გეგმა, გაეცანით ვრცლად აქ:
200 ლარი ჰექტარზე და საწვავი – სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა