ახალი ამბები

რიშისა და საქართველოს მეგობრების პოზიციაა, რომ ივანიშვილმა დანაპირები შეასრულოს – ბოკერია

12 მაისი, 2020 • 956
რიშისა და საქართველოს მეგობრების პოზიციაა, რომ ივანიშვილმა დანაპირები შეასრულოს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, სენატორ ჯიმ რიშისა და საქართველოს ყველა პარტნიორის პოზიცია ერთია – კერძოდ კი ის, რომ „ოცნებამ“ დადებული პირობა არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე  შეასრულოს.

ბოკერია საუბრობს სენატორის ახალ ტვიტზე, რომელშიც მან დაწერა:

“მე ველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისაგან, რომ სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების გათავისუფლებას და პროგრესს საარჩევნო სისტემის ირგვლივ”.

„ჯიმ რიშმა გუშინ საკუთარი და საელჩოს განცხადება გაავრცელა ერთად და ეს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ შეერთებული შტატებისა და მთლიანად, მე ვიტყოდი, საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე – ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც მან დადო ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე, უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები – თუ უნდა, ნუ დაარქმევს პოლიტპატიმრებს და თქვას, რომ ეს მე არ გამომიშვიაო..

უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა, უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები, მერე ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს და უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით, ეკონომიკაში პანდემიის შემდეგ და უსაფრთხოებაში“, – ამბობს ბოკერია.

მისი შეფასებით, „ოცნების“ წარმომადგენლებთან და მათ მხარდამჭერებთან დისკუსია სერიოზულობის ზღვარს გასცდა. რაც შეეხება პარტიის მიერ დადებულ პირობას – ბოკერია ამბობს, რომ მიუხედავად ამ პირობის შესრულება/არშესრულებისა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება.

„თუ არ შეასრულა ეს პირობა, ის [ივანიშვილი] მაინც დამარცხდება. ის, რომ მას ჰგონია, რომ ეს იქნება სისუსტის გამოვლინება და მან უნდა დაამკვიდროს წესი, რომ ანგარიშვალდებული არ არის  ქართული საზოგადოების წინაშე და შემდეგ შეუძლია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტიორები „გადააგდოს“ საქართველოს ინტერესების ხარჯზე – ამაშიც ცდება.

ცუდი სცენარია, როდესაც საქართველოს დემოკრატია და რეპუტაცია ზიანდება. ჩვენ გვჭირდება ახლა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ საქართველოს რეპუტაცია არ დაზიანდეს. ეს სარისკო სცენარია, ოღონდ ეს ივანიშვილს ვერ გადაარჩენს, უფრო მეტიც, ეს მას ვერ გადაარჩეს და ძალიან სახიფათო, ტრაგიკულ პოლიტიკურ ბედს გაივლის მომავალში“, – განმარტავს ბოკერია.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და ელჩების ჩართულობით შედგა, ბოკერიას თქმით, ხაზგასმული იყო – „რომ მხარეებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ, ოღონდ ციხიდან უნდა უნდა გამოუშვან  უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა“.

„ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ივანიშვილმა დამატებით კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას, „გადააგდოს“ პარტნიორები, ჩაიდინოს ისეთი რაღაცები, რომ შემდეგ სანქციები დაეწესოს… ოღონდ თუ კითხვა არის, შეიძლება თუ არა სანქციები ავტორიტარულ რეჟიმებს დაეკისროთ – საშუალო რგოლს, შემდეგ მაღალ რგოლს.. – დიახ, მომხდარა ჩვენს სამეზობლოშიც, ბევრგან მომხდარა და მე არავის ვურჩევდი ამ რისკზე წასვლას. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ ეს რისკი შეამციროს ან ძალიან გაზარდოს.

ისინი კი არ არიან ბარიერები [ხელშეკრულების], ვინც ციხეში სხედან, ბარიერი არის ის, ვინც ისინი პოლიტიკური მოტივით ციხეში ჩასვა, მერე აიღო ვალდებულება და შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომ გამოუშვებდა ციხიდან და მერე „გადააგდო“ ან ცდილობს, ჯერჯერობით, საქართველოსა და მისი პარტიორების „გადაგდებას“, – ამბობს ბოკერია.


არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

ვრცლად:

ველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში

მასალების გადაბეჭდვის წესი