ახალი ამბები

რატომ არ მოაწერა ხელი ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმების II პუნქტს

11 მაისი, 2020 • 1884
რატომ არ მოაწერა ხელი ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმების II პუნქტს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი განმრტავს რატომ არ მოაწერა ხელი 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ელჩების ორგანიზებით იმარტებოდა.

როგორც ინაშვილი გავრცელებულ ვიდეო-კომენტარში აცხადებს, შეთანხმების მეორე პუნქტი ძალიან ბუნდოვანი იყო და ენმ, ასევე, ევროპული საქართველო მასში უგულავას და სხვების გათავისუფლებას გულისხმობდნენ.

“ელჩების ინციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არამარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე ნაცმოძრაობაც და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არამარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან!

მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც. დაბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არამარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ”, – აცხადებს ინაშვილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საქმეები 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი