ახალი ამბები

საქართველო არგონავტების სამშობლოა… მედეა აქედან წაიყვანეს საბერძნეთში – გახარია

11 მაისი, 2020 • 5104
საქართველო არგონავტების სამშობლოა… მედეა აქედან წაიყვანეს საბერძნეთში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ჩამონათვალს, რითაც საქართველო ტურისტებს იზიდავდა, უსაფრთხოების ნაწილიც უნდა დაემატოს. როგორც აჭარაში სტუმრობისას პრემიერი ამბობს, მარკეტინგულ ტურისტულ კამპანიებს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, ახლა დაემატება ვირუსისგან უსაფრთხო ქვეყნის ნაწილიც.

“ყველაფერი, რაც გაკეთებული გვქონდა და რაშიც დრო, ფინანსური რესურსი ჩავდეთ, ამას ერთი დამატებითი არგუმენტი კიდევ უნდა დავუმატოთ. ყველაფერთან ერთად: იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის არგონავტების სამშობლო… რომ მედეა აქედან წაიყვანეს საბერძნეთში… ამას ემატება ის, რომ ეს ქვეყანა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამის მისაღწევად მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. [საზღვრების] გახსნის პროცესში უკიდურესად ფრთხილები უნდა ვიყოთ”, – აცხადებს გახარია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ, პირველ რიგში, ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ – უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი სულ მალე საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი – უსაფრთხო ქვეყანა

“გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანიკომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი დავინახავთ, რომ რაღაც პრობლემები იქმნება, გადავახვიოთ უკან”, – თქვა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად.

„ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერტილები ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომელზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. აგრეთვე,  ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ სულ მალე, დაახლოებით, სადღაც აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში, თქვენი ინტერესია, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმარი და გექნებათ მეტი შემოსავალი. ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს უნდა ჩავიბეჭდოთ ყველამ თავში, თითოეულმა მოქალაქემ, ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა და ტურიზმის გამკლავება ამ კრიზისთან უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი პლუსი საქართველოს პოზიციონირებაში საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შესწორება: სტატიაში შეცდომით ეწერა გიორგი გახარია ყოფილი პრემიერია, ასევე დაზუსტდა სათაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი