ახალი ამბები

პოლიცია მოქალაქეებს 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით აფრთხილებს

8 მაისი, 2020 • 1554
პოლიცია მოქალაქეებს 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით აფრთხილებს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ვაკის პარკში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შსს-ს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სამინისტრო  მოქალაქეებს ახსენებს, რომ 22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და  იკრძალება “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია და ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლის თანახმად იკრძალება საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის გამოყენება  ძეგლებზე, ბარელიეფებზე, წარწერებსა და სახელწოდებებში. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით.

5 მაისს “მოძრაობა უკვდავი პოლკის” წარმომადგენელმა, ირაკლი ყიფიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლები და ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებას გეგმავენ. გარდა ამისა, ყიფიანის თქმით, იგეგმება თბილისის თავზე “გეორგიევსკის დროშის” დრონებით გადაფრენა.

საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ონლაინ ჩატარებას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი