ახალი ამბები

საქართველოში UN-ის ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მინისტერიალის გამართვა იგეგმება

8 მაისი, 2020 • 1015
საქართველოში UN-ის ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მინისტერიალის გამართვა იგეგმება

სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის (გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია) ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალის გამართვა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრეიალი ტურიზმის ინდუსტრიის მომავალს შეეხება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, სქართველოს რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ეწვევა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, UNWTO მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნავს, რომ საქართველომ გადადგა ძალიან სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ვიდეოკონფერენციისას, რომელიც პოლოლიკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის გაიმართა, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების მომსახურების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეს არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გამოიყენებს.

უწყების ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „ტურისტულ მწვანე ზონებად“ სხვადასხვა კურორტის გამოყოფის შესახებ და ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზეც, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო სხვა სახელმწიფოებთან.

პრემიერ-მინისტრმა კი, კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ პროცესში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სფერო, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, არის ის კონკურენტული უპირატესობაც, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს პანდემიის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და ადგილმდებარეობითა და ბოლო წლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურით, შეუძლია იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კი მაქსიმალურად შეუწყობს მას ხელს იმ მიზნობრივ ბაზრებთან კოორდინაციის პროცესში, რომლებიც საქართველოსთვის საინტერესოა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი