ახალი ამბები

თუ საქართველოს მხრიდან ხისტი ნაბიჯები იქნება, გადავიტანთ – კულება სააკაშვილზე

8 მაისი, 2020 • 1561
თუ საქართველოს მხრიდან ხისტი ნაბიჯები იქნება, გადავიტანთ – კულება სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველოს მხრიდან ხისტი ნაბიჯები იქნება გადადგმული, „ამას გადავიტანთ, შემდგომ კი შევეცდებით, დანაკლისი ავანაზღაუროთ“.

როგორც UNIAN გამოცემა LB.ua-ს ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა მაქსიმალურად ეცდება საქართველოსთან მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნებას.

კულება ამბობს, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ რჩება უკრაინის მოქალაქედ, რომელსაც მანამდეც ეკავა მაღალჩინოსნის თანამდებობა.

„ამიტომ, ჩემი მხრივ, მე ბოლომდე ვეცდები, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან კვლავ მეგობრული და სტრატეგიული იყოს. თუ ქართველი პარტნიორებისგან რაიმე სახის ხისტი ნაბიჯები იქნება, რა გაეწყობა, გადავიტანთ, შემდეგ კი ვეცდებით აღვადგინოთ დანაკლისი“, – ამბობს კულება.

ამ ინტერვიუში დმიტრო კულება ასევე ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და ეს იყო „მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი“.

„ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს იყო ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული საუბარი. მან განმარტა საკუთარი ხელისუფლების პოზიცია.. ჩვენ კი სულ სხვა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.

უპირველესად კი იქიდან, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ის ერთი ადამიანის ბედის მძევალი ვერ გახდება. მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის საქართველოში შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია მიგვითითოს, სად დავნიშნავთ ან არ დავნიშნავთ ჩვენს მოქალაქეს“, – ამბობს დმიტრო კულება.


დღეს 8 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის  რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ამის მიუხედავად, ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

წაიკითხეთ ასევე:

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი