ახალი ამბები

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

7 მაისი, 2020 • 2462
რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განმარტავს, თუ რატომ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ და არა ვიცე-პრემიერად რეფორმების მიმართულებით.

არახამია აცხადებს, რომ ზელენსკის შეთავაზება პარლამენტის ფრაქციისთვის მოულოდნელი იყო და დეპუტატების მხარდაჭერა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ამიტომ ჩავარდა, თუმცა კონსულტაციების შემდეგ საკითხს საჭიროზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. არახამია განმარტავს, რომ თუ პირვანდელი გეგმით მოქმედებას გდაწყვეტდნენ, საკითხს უპრობლემოდ უყრიდნენ კენჭს.

თუმცა რადას დეპუტატი ამბობს, რომ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს მინისტრის პორტფელი არ ჰქონდა, მის წინაშე მდგარ ამოცანებს ამ ახალ თანამდებობაზე უფრო ეფექტურად გადაჭრიდა:

“პრეზიდენტის შემოთავაზება ჩვენი ფრაქციისთვის იყო მოულოდნელი და პირველ ეტაპზე ხმებთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა. მას შემდეგ, რაც მიხეილმა გამართა შეხვედრები, ხმები საკმარისზე მეტი მოგროვდა. თუ ჩვენ გადავწყვეტდით, გვემოქმედა პირველადი გეგმით, უპრობლემოდ ვუყრიდით კენჭს მის დანიშვნას.

მაგრამ ამ კონსულტაციების პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არ იქნებოდა ყველაზე ეფექტური პოზიცია ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად. რეფორმები მტკივნეული პროცესია და არ შეიძლება მინისტრთა კაბინეტში იყო უპორტფელო ვიცე-პრემიერი და იმედოვნებდე, რომ გაატარებ კარდინალურ რეფორმებს. რეფორმების განსახორციელებლად აუცილებელია ჰქონდეს გავლენა მთავრიბაზე, პარლამენტზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.

ეს ახალი კონსტრუქცია მთლიანად პასუხიბს ამ ამოცანას. რეფორმების ეროვნულ საბჭოში, რომელსაც სააკაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან პარლამენტის საკვანძო კომიტეტების, სამინისტროების წარმომადგენლები, თავად მინისტრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელი, რომელიც ქვეყნის შიგნით შეგვიძლია შევთავაზოთ რეფორმების განსახორციელებლად”, – ამბობს არახამია.


ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.

“გულწრფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

მანამდე, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი