ახალი ამბებიეკონომიკა

“ეს ტურიზმისთვის გადარჩენის წელი იქნება, 2019-ის მაჩვენებლს 2022-ში დავეწევით” – ალავერდაშვილი

7 მაისი, 2020 • 3117
“ეს ტურიზმისთვის გადარჩენის წელი იქნება, 2019-ის მაჩვენებლს 2022-ში დავეწევით” – ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ გადასახადების კუთხით გაწეული სამთავრობო შეღავათი მართლაც მნიშვნელოვანია სექტორისთვის.

მთავრობის გეგმა ითვალისწინებს 2020-ში ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას, ხოლო 9 თვით- საშემოსავლო გადახდის გადავადებას.

ალავერდაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ კარგია, როცა მთავრობამ დაასახელა ტურისტებისთვის ქვეყნის გახსნის თარიღი, რადგან ახლა უკვე მუშაობის დაწყებას შეძლებენ. ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ მართალია, ტურისტებისთვის საზღვარი ივლისში იხსნება, თუმცა წელს შედარებით ყველაზე კარგი პერიოდი ტურიზმისთვის, სავარაუდოდ, სექტემბერი უნდა იყოს.

“პირველ რიგში, ყველაზე კარგია, რომ ვიცით, როდის იხსნება ქვეყანა. ანუ დღეიდან ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის დაწყებას შევძლებთ. ტურისტული ბიზნესი აყვავებას ნამდვილად არ ელოდება, წელს გადარჩენის წელი იქნება და ჩვენი აზრით ყველაზე კარგი თვე სექტემბერი უნდა იყოს, როცა სექტორი მაქსიმუმ 45%-ით დაიტვირთება. დანარჩენ თვეებში ინდუსტრია მხოლოდ საკუთარი თავის შენახვაზე იმუშავებს. ასეთია მოცემულობა”, – ამბობს ალავერდაშვილი.

ტურისტული სექტორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა კომერციული ბანკების ვალებია, რაც ალავერდაშვილის თქმით, დაახლოებით 5 მილიად ლარს შეადგენს. აქედან დაახლოებით სამი მილიარდი ლარი ბიზნესზე, დანარჩენი კი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოდის. მისივე თქმით, ბანკები სესხების ერთი წლით გადასავადებლად 140 მლნ აშშ დოლარს ითხოვენ და ინდუსტრიას სახელმწიფოს დახმარების იმედი აქვს. როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, მათი მიზანია, მთვარობასთან ერთად დაბალპროცენტიანი სესხი მოიძიონ და ამ საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც აქვთ კომუნაკაცია.

“[ვალზე ინფორმაცია] გუშინ საბანკო ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ. კარგი იქნება, ჩვენ მოვიძიოთ 140 მლნ აშშ დოლარი, რათა სესხების ერთი წლით გადავადება შევძლოთ. ეს იქნება რეალური დახმარება, რათა სექტორმა ამოისუნთქოს. ეს არის ბანკის პროცენტის თანხა, რომელიც სესხების გადავადების სანაცვლოდ, ბანკებს უნდა გადავუხადოთ. სასტუმროების ნაწილში დღეს დიდი დახმარება მივიღეთ, რის გამოც მადლიერები ვართ, თუმცა რეგიონებში ძალიან ბევრი სასტუმრო დარჩა ამ დახმარების მიღმა, რადგან სესხები ძირითადად ფიზიკურ პირებზეა გაცემული. ადამიანებმა საკუთარ სახლებშივე გაიკეთეს საოჯახო ტიპის სასტუმროები, მარნები… დღეს ეს ხალხი დახმარების მიღმა დარჩა. ამ ადამიანებს, როგორც ფიზიკურ პირებს, სესხი ისე აქვთ აღებული. ამიტომ მთავრობასთან მუშაობა უნდა დავიწყოთ, რათა რამენაირად მათაც შეეხოთ ეს დახმარება.”

ალავერდაშვილი საუბრობს მთავრობის მიერ ტურისტული ბიზნესისთვის დაპირებულ კიდევ ერთ შეღავათზე, რაც სესხის პროცენტში თანამონაწილეობას გულისხმობს. ანუ სასტუმროებს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მლნ ლარამდეა, სახელმწიფო სთავაზობს მათი საბანკო პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მლნ ლარზე. დახმარების პროგრამა 6 თვის მანძილზე გაგრძელდება.

“წელს ტურისტებს ევროპის ქვეყნებიდან საერთოდ არ ველოდები, რადგან აქ მთავრობები მოუწოდებენ, რომ არ იმოგზაურონ. ტურსტების ძირითადი მასა მეზობელი ქვეყნებიდან- სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იქნება. ამას დაემატება ყაზახეთი და თურქმენეთი. ასევე ველოდებით ვიზიტორების გალფის ქვეყნებიდან [საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი]. ასეთია ჩვენი მოლოდნი. თუმცა, როგორც ვთქვი, წელს გადარჩენის წელი იქნება. მოდი, ასე ვთქვათ, 2020 წელი წინა წელთან შედარებით -75% იქნება, 2021 -35%. მხოლოდ 2022 წელს შევძლებთ 2019 წლის მაჩვენებელს დავეწიოთ. პირდაპირ ვამბობ, სექტორი 2021 წლის მაისამდე ფულის გენერირებას ვერ შეძლებს. მან კონუნალურები, ხელფასი უნდა გადაიხადოს”,-ამბობს ალავერდაშვილი.

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების  გეგმა დღეს, 7 მაისს წარმოადგინა. ის მოიცავს როგორც ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის, ისე – დახმარების პაკეტებს ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო და იურიდიული პირებისათვის. საგადასახადო და სესხის პროცენტის სუბსიდირების გარდა, სახელმწიფო სასტუმროებს  ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობასაც დაუსუბსიდირებს.

თურნავას თქმით, ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან შემოვიდნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი