ახალი ამბები

ტურისტების საზღვარზე შემოწმების სქემა უცნობია

7 მაისი, 2020 • 2066
ტურისტების საზღვარზე შემოწმების სქემა უცნობია

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს გახსნის. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს.

1-ლი ივლისიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საზღვარზე დაწესდება კონტროლი და თითოეული შემომსვლელი ადამიანის შემოწმებას COVID-19-ზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს.

„თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 24-საათიანი და 14-დღიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა დღეს, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის კონტროლზეა საუბარი. მთავრობის განცხადებით, მოგზაურობის უსაფრთხოების გაიდლაინი საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება.

“რა პერიოდიც დარჩენილია საზღვრების გახსნამდე, მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და გაიდლაინები დავნერგოთ. საერთაშორისო გაიდლაინები იქნება ერთიანი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენც ამ სტანდარტს ვუპასუხებთ. მათ შორის, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი იქნება საზღვარზე კონტროლი. კარგია, რომ ყოველდღე იმატებს სწრაფი ტესტების ხარისხიც, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, როგორ უნდა ვუპასუხოთ სტანდარტებს და დავიცვათ ჩვენი ბაზრის, მოსახლეობის და შემოსული ტურისტების უსაფრთხოება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, კარგია, რომ საქართველოს აქვს მთელი რიგი ტურისტული პროდუქტი, რომელიც დაკავშირებულია ღია და გაშლილი სივრცესთან, რაც ადამიანების ერთად თავმოყრისგან დაგვიცავს.

“ასევე, საუბარია პირადი დაცვის საშუალებებზე. შემოგვაქვს სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა და კონცეფცია. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც შევთავაზებთ ტურისტებს”, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველო 15 ივნისიდან – შიდა, 1-ლი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება

მასალების გადაბეჭდვის წესი