ახალი ამბები

საქართველო 15 ივნისიდან – შიდა, 1-ლი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება

7 მაისი, 2020 • 1295
საქართველო 15 ივნისიდან – შიდა, 1-ლი ივლისიდან კი საერთაშორისო ტურიზმისთვის იხსნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

გახარიას თქმით, ეს შესაძლებელი იქნება სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით როგორც მეზობლებთან, ისე საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. პრემიერის თქმით, ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას უცხოელი ტურისტების მისაღებად.

“ტურიზმი  არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია, პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, დღეს, როდესაც მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, ჩვენ ადრეულ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება და საკარანტინე ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები. ამან მოგვცა უდიდესი გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა – საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს”, – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია გამოყოს COVID-19-ისგან უსაფრთხო ზონები, მაგალითად, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი