ახალი ამბები

რას უარყოფს და რას აღიარებს კრემლისტური ახალი ამბების ფრონტი?

7 მაისი, 2020 • 2339
რას უარყოფს და რას აღიარებს კრემლისტური ახალი ამბების ფრონტი?

Facebook-მა “კოორდინებული არაავთენტური ქცევის” გამო არაერთი გვერდი წაშალა, მათ შორისაა News Front, რომელსაც რუსეთის პროპაგანდის მკვლევარი ორგანიზაციები კრემლის ინსტრუმენტად მიიჩნევენ საქართველოში. რას წარმოადგენს News Front, რა იციან მის შესახებ არასამთავრობო სექტორშში და რას უარყოფს და რას აღიარებს მისი ყოფილი მთავარი რედაქტორი?

რა მოხდა?

Facebook-მა რუსეთში წაშალა 46 გვერდის, 91 ფეისბუქ ანგარიშის, 2 ჯგუფისა და 1 ინსტაგრამ ანგარიშისგან შემდგარი ქსელი, რომელიც რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, უნგრულ, სერბულ, ქართულ, ინდონეზიურ და სპარსულ ენებზე ავრცელებდა ცნობებს. 

“ფეისბუქის” ცნობით, მათ დაადგინეს, რომ ეს საქმიანობა დაკავშირებული იყო პერსონებთან რუსეთსა და დონბასში/უკრაინა და ყირიმში ბაზირებულ ორ მედიასაშუალებასთან: News Front-თან და South Front-თან. “ფეისბუქი” ამბობს, რომ ამ ქსელს რეგიონში კოორდინებული არაავთენტური ქცევის თაობაზე საკუთარი შიდა გამოძიების ფარგლებში მიაგნო.

South Front ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე ავრცელებს ინფორმაციას. ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ეს ლაბორატორია რუსეთის მხრიდან არაერთგზის გახდა დეზინფორმაციული შეტევების მსხვერპლი.

South Front-ისგან განსხვავებით, News Front-ს ქართული სამსახურიც აქვს. ახალი ამბების სააგენტო ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, ფრანგულად,  უნგრულად, სერბულად და ქართულად  – აქვეყნებს. 

ვებ-გვერდზე რედაქციის მისამართად კი პორტალზე მითითებულია სიმფეროპოლი, ყირიმი. 

მთავარი რედაქტორი კონსტანტინ კნირიკია – პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, კნირიკი 15 წლიდან ყირიმის რუსული მოძრაობის აქტიური მონაწილეა. იყო ბახჩისარაის ქალაქის საბჭოს დეპუტატი იყო, საფეხბურთო კლუბ “ბახჩისარაის” პრეზიდენტი, უკრაინის რუს თანამემამულეთა საბჭოს წევრი, პარტია “როდინას” ყირიმის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი. “რუსულ გაზაფხულად” წოდებულ მოვლენებში, ე.ი. ყირიმის ანექსიაში აქტიური მონაწილეობისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაჯილდოებულია მედლით “ყირიმის დაბრუნებისთვის”. ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული მოძრაობების საინფორმაციო მხარდაჭერისთვის კი, დაჯილდოებულია დონბასის მოხალისეთა კავშირის ჯვრით.

საიტზე მითითებული ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო News Front რუსეთის მასობრივი კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ზედამხედველობის სამსახურის, “როსკომნადზორის” მიერ დარეგისტრირებულია 2015 წლის 26 ივნისს. News Front-ის პლატფორმას ქართული ენა 2019 წლის ოქტომბერში დაემატა. 

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა კრემლის დეზინფორმაციის მონიტორინგისა და რეაგირების მიზნით 2015 წელს აღმოსავლეთ სტრატკომის სპეციალური ჯგუფი შექმნა. აღნიშნული პლატფორმის (EU vs DInsinfo) დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ამ დროისთვის News Front-ის სხვადასხვა პორტალებზე გამოქვეყნებული 200-ზე მეტი მასალაა ასახული. მათ შორისაა ქართულენოვან “ნიუს ფრონტზე” გამოქვეყნებული მასალებიც. 

News Front-ის ვებ-გვერდი ყველა ენაზე ფუნქციონირებას განაგრძობს, სოციალური ანგარიშების გლობალური ქსელი კი Facebook-მა 30 აპრილს გააუქმა. 

საქართველოში, „ნიუს ფრონტის“ ოფიციალურ FB გვერდთან ერთად, წაშლილია მისი “ფეისბუქ” ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ქცევის მქონე ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტოს საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა. “ნიუს ფრონტის” მიერ “ფეისბუქის” ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციის შესახებ ანგარიში “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”  პირველ  მაისს გამოაქვეყნა.

რა დაადგინა ISFED-ის კვლევამ?

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს „ფეისბუქზე“ 2019 წლის ნოემბრიდან აკვირდებოდა. ISFED-მა ღია წყაროების გამოყენებით შეისწავლა სააგენტო News-Front Georgia-ს მასალების გავრცელების სქემა „ფეისბუქზე“ და მივიდა დასკვნამდე, რომ „ნიუს-ფრონტი“ „ფეისბუქზე“ ოპერირებდა პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით. გამოცემის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა და ამ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის პერსონალური ანგარიშის გარდა, ქსელს ქმნიდა 12 არაავთენტური, ყალბი ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად და ორგანიზებულად, არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამოყენებით, აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებდა „ფეისბუქ“ ჯგუფებში. „ნიუს-ფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც, ჯამში, 521 240 წევრი ჰყავთ. ISFED-ის თანახმად, ეს ანგარიშები წარსულში სხვადასხვა, მათ შორის სახელმწიფო უწყებას უკეთებდნენ პიარს სოციალურ ქსელში.

ISFED-ის მიხედვით, არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრორუსულ გზავნილებს. არაავთენტური ანგარიშების ნაწილი სხვის იდენტობას იპარავდა. 

ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის ფონზეც „ნიუს-ფრონტი“ შენიღბულად უთხრიდა ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას და მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას .„ნიუს-ფრონტი“ თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს, პაატა იმნაძესაც.

“ჟურნალისტური ხრიკი” თუ იდენტობის გაყალბება – რას ამბობს გულბაათ რცხილაძე

გულბაათ რცხილაძეს, რომელიც Facebook-ის მიერ “ნიუს ფრონტის” ქსელის წაშლამდე, სააგენტოს ქართული სამსახურის რედაქტორი იყო, საიტის დაფინანსებაზე საუბარი არ სურს. 

რცხილაძე ამბობს, რომ 6 თვის წინ ქართველმა მეგობარმა სთხოვა, სააგენტოს რედაქტორობა ეთავა, თუმცა არ ასახელებს, გულისხმობს თუ არა შოთა აფხაიძეს. “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, News Front Georgia-ს სწორედ მოსკოვში მცხოვრები შოთა აფხაიძე მართავს

სააგენტოს ქართულენოვან გვერდს კავშირები აქვს ღიად პრორუსულ აქტორებთან, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე, ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”. 

News Front-ის ქართულენოვან მასალებს “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ, ისევე როგორც “ნიუს ფრონტიც” აქვეყნებდა “საქართველო და მსოფლიოს” მასალებს. 

შოთა აფხაიძე სასჯელს იხდიდა 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის ბრალდებით. 2012 წლის ამნისტიის დროს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და “ევრაზიის ინსტიტუტს” შეუერთდა. ამავე ინსტიტუტის დამფუძნებელია გულბაათ რცხილაძე. 

“ქართველმა მეგობარმა მთხოვა, სააგენტოს სათავეში ხომ არ ჩაუდგებიო. ჩემთვის ეს საინტერესო იყო ექსპერიმენტის სახით და ზუსტად 6 თვე ვიმუშავე. ახლა უბრალოდ მაგის დრო არ მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მემუშავა. სერიოზულ ფინანსებზე ლაპარაკი ზედმეტია, მე თუ ვიღაც რაღაცას მაჩუქებს, ჩემს ჯიბეში რა არის და როგორ არის, მაპატიეთ, მაგრამ არავის საქმე არ არის”, – განაცხადა რცხილაძემ “ნეტგაზეთთან”.

გულბაათ რცხილაძე, ამბობს, რომ მისი რედაქტორობის ქვეშ სააგენტოს არ გაუვრცელებია არცერთი დეზინფორმაცია და სტატიები, მათ შორის, ეყრდნობოდა არა რუსულ, არამედ დასავლურ წყაროებს.

“ჩემთვის გაუგებარია, რატომ ასოცირდება ეს ვიღაცებისთვის რუსულ დაკვეთასთან. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ვიღაცამ გრანტი მიიღოს და ჩაიწეროს ქულები, რომ რუსეთის დეზინფორმაციას შეებრძოლა”, – ამბობს რცხილაძე. 

“ინგლისურენოვანი მედიები ხშირად სჭირდებათ წყაროს ლეგიტიმაციისთვის, რომ  დასავლურ მედიაში დაიბეჭდა ესა თუ ის ინფორმაცია. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიო” როდესაც ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებდა, ხშირად იმოწმებდა “საუზ ფრონტს”, რომელსაც “იუთუბის არხიც” წაუშალეს”, – ამბობს მედიის განვითარების ფონდის (MDF) დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

გულბაათ რცხილაძე ფიქრობს, რომ Facebook-მა “ნიუს ფრონტთან” დაკავშირებული ანგარიშები გლობალურად წაშალა “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციის საფუძველზე.  ამბობს, რომ ამ ორგანიზაციას ამერიკელი კონგრესმენების და სპეცსამსახურების წამომადგენლების მონაწილეობით და სოროსის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს “არჩევნების კონტროლი” ჯერ კიდევ 2004 წელს ჩააბარეს და ISFED, სხვა მსგავს ორგანიზაციებთან ერთად, სიტყვის თავისუფლებას და მეინსტრიმული მედიის ალტერნატივებს ებრძვის.

“სამართლიანი არჩევნები” წლებია საქართველოში არჩევნებს აკვირდება. ბოლო პერიოდში ეს ორგანიზაცია ასევე სწავლობს სოციალურ მედიის გავლენას საარჩევნო პროცესებზე. ორგანიზაციის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მის ორგანიზაციას “ფეისბუქთან” ინტერაქცია ჰქონდა, თუმცა “ფეისბუქი” უკვე ისედაც აწარმოებდა გლობალურ გამოძიებას “ნიუს ფრონტის” საქმიანობის შესახებ.

“ჩვენ გვაქვს პერიოდული კომუნიკაცია “ფეისბუქთან” და ჩვენგანაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვმუშაობდით  საქართველოში “ნიუს ფრონტის” არაავთენტური გავრცელების ქსელის გამოვლენაზე. დაინტერესდნენ ჩვენი მიგნებებით და გვთხოვეს, გაგვეზიარებინა ისინი. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ გამოძიება ჩვენს ანგარიშამდეც. ჩვენი ანგარიში უბრალოდ გაზიარებული იქნა და თუ რა დოზით და რამდენად, ეს უკვე მათი შიდა მსჯელობის საგანია”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

გულბაათ რცხილაძე არ უარყოფს კოორდინებულ არაავთენტურ ქცევას “ფეისბუქში”, სააგენტოს ტრაფიკის გასაზრდელად, თუმცა მიიჩნევს, რომ ამაში “კრიმინალური არაფერი არ არის”. 

“თქვენს [გამოცემას] არა აქვს სხვადასხვა ექაუნთები, რომ უფრო კარგად გავრცელდეს ინფორმაცია? ეს, ასე ვთქვათ, პატარა უწყინარი ეშმაკობაა ჟურნალისტების. უბრალოდ კონკურენცია დიდია, საიტები ერთმანეთისგან იღებენ ინფორმაციას, მნიშვნელოვანია, პირველი ვინ გაავრცელებს…ამიტომ არის ეს ექაუნთები შექმნილი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გულბაათ რცხილაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ ყალბი ანგარიშების მიერ “ნიუს ფრონტის” ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებს, რცხილაძემ აღნიშნა, რომ პირადად მას მხოლოდ ოფიციალური ანგარიში აქვს, მაგრამ სხვადასხვა არაავთენტური ანგარიშები ინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებოდნენ.

“არ ვიცი, არ დამითვლია, რამდენი, მაგრამ იქნებოდნენ, იმიტომ, რომ ყველა ჯგუფში თუ ერთი და იგივე ექაუნთით ავრცელებ რაღაცას, მერე “ფეისბუქი” გბლოკავს. ჩვენ არ გვაქვს ფული იმისთვის, რომ რეკლამაში გადავიხადოთ. ვთქვათ, მაქვს რუსული დაფინანსება, დიდი ფული, მაშინ არანაირი ფეიკ ექაუნთი არ მჭირდება, გადავუხდი “ფეისბუქს” რეკლამაში და უამრავი რაოდენობის მკითხველს შემოვყრი”, – ამბობს რცხილაძე და დასძენს, რომ ზოგი ნამდვილი და ზოგი ყალბი ანგარიში “ნიუს ფრონტის” მასალებს მოხალისეობრივად ავრცელებდა.

“ჩვენ გვყავს მოხალისეები, ვისაც უნდოდა, რომ გავრცელებულიყო და ის ხალხი ავრცელებდა – ზოგი ფეიკი, ზოგი არაფიეკი, ეგ მე უკვე არ ვიცი დეტალებში. მე ვიცი, რომ მეხმარებოდა რამდენიმე ადამიანი. მე ამათ არ დავასახელებ, რატომ უნდა დავასახელო”, – ამბობს გულბაათ რცხილაძე და დასძენს, რომ შესაძლოა, “ნიუს ფრონტს” “ფორმალობა არ ჰქონდა ზუსტად დაცული”, მაგრამ ეს არ იყო კრიმინალი ან დისკრიმინაციის გამოვლენა.

ISFED-ის თანახმად, ანგარიშების ეს ქსელი, გარდა იმისა, რომ ორგანიზებულად აზიარებდა „ნიუს ფრონტის“ მასალებს, გაზიარებულ მასალებზე თავად იწყებდა ან ერთვებოდა საკვანძო მოვლენებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში, კომენტარებში ხელოვნურად ზრდიდა დისკუსიას, აგრესიულად ესხმოდა თავს საწინააღმდეგო აზრების მქონე ადამიანებს. 

კომენტარებში დისკუსიის ინსცენირებით ყალბი ანგარიშები ხელს უწყობდნენ პრორუსული, ანტიამერიკული განწყობების დაფიქსირებას, რაც ქმნიდა ყალბ წარმოდგენას, რომ ამ ტიპის განწყობებს უფრო მეტი „ფეისბუქ“ მომხმარებელი იზიარებდა.

მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე გამოხმაურებები, როდესაც არაავთენტური ანგარიშები საჯარო დისკუსიების პროვოცირებით და შემდგომ კომენტარებში შეჭრით ცდილობდნენ გაფრინდაშვილის პროვოკატორად წარმოჩენას და იმ აზრის გავრცელებას, რომ მის ქმედებაში გმირული არაფერი იყო. „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული ანგარიშები სხვადასხვა ჯგუფებში თითქმის ერთი და იმავე ტექსტით გაფრინდაშვილის პატიმრობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდნენ.

“საქართველო და მსოფლიო” გაცვდა, საჭირო იყო ახალი აქტორი”

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2019 წლის 13 ოქტომბერს შექმნილი ქართულენოვანი News Front-ის “ფეისბუკ” გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძე იყო, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი “ფეისბუკ” გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, News Front-ის ფეისბუკ გვერდი მართავდა საჯარო ჯგუფს “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა.

მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ “საქართველო და მსოფლიო” ერთგვარად გაცვდა და კრემლს ამ საინფორმაციო ველზე ახალი აქტორი დასჭირდა.

“ნიუს ფრონტი” საკმაოდ აქტიური იყო უკრაინის მოვლენების დროს. საქართველოში გამოჩნდა მხოლოდ 2019 წელს და დაკავშირებული იყო “საქართველოს და მსოფლიოს” ჯგუფთან, რომელიც ალექსანდრე ჭაჭიას სახელს უკავშირდება. გარკვეულწილად, ეტყობა, გაცვდა “საქართველო და მსოფლიო” და მიზანშეწონილად ჩათვალეს ახალი აქტორის შემოყვანა. “ნიუს ფრონტი” უფრო ინტერაქციული იყო და უფრო მეტ დეზინფორმაციას ავრცელებდა ქართულ საინფორმაციო ველში”, – აბობს კინწურაშვილი.

მისი თქმით, “ნიუს ფრონტის” მსგავსი პროპაგანდისტული მედია ზიანის მომტანია, ვინაიდან აქტიურად არის ჩართული კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიებში, გამიზნულად ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს შიშები, აღვივებს თურქოფობიულ განწყობებს და სრულად ატარებს ყველა იმ საინფორმაციო პოლიტიკას, რასაც ანტიდასავლური პროპაგანდას უწყობს ხელს.

ამასთან, თამარ კინწურაშვილიც და მიხეილ ბენიძეც აღნიშნავენ, რომ Facebook-ის მიერ “ნიუს ფრონტის” ქსელის წაშლის მიზეზი არა მისი შინაარსობრივი მხარე, არამედ არაავთენტური ქცევა და საჯარო დისკურსში ხელოვნურად ჩარევა იყო.

“სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ადგილი აქვს განსხვავებული აზრის და ღირებულებების ჩახშობას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ცალკე საკითხია, უნდა ხდებოდეს თუ არა სოციალური ქსელების შინაარსობრივი რეგულირება და ამაზეც არის მსჯელობა, მაგრამ “ფეისბუქის” შემთხვევაში ის ძირითადად მოქმედებს ქცევაზე დაყრნობით – არაავთენტური ყალბი ქცევა და ხელოვნური ქმედება ითვლება პლატფორმის წესების დარღვევად და ძირითადად ამით არის გამოწვეული გაუქმება”, – განმარტავს ბენიძე.

ISFED მიიჩნევს, რომ „ნიუს ფრონტის“ აქტივობის მიზანი მხოლოდ ამ სააგენტოს კონტენტის ხელოვნურად გავრცელება არ ყოფილა და ამ ქსელის ქმედებები უფრო დიდი რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გამოცემის „ფეისბუქ“ გვერდის და მასთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების მიერ „ფეისბუქ“ ჯგუფებში ვრცელდებოდა არა მხოლოდ „ნიუს ფრონტის” ვებ-გვერდის მასალები, არამედ კიდევ ერთი პრორუსული გამოცემის, www.Geworld.ge-ის მასალებიც. შესაბამისად, “მაღალი ალბათობით, „ნიუს-ფრონტის“ მიზანი არა მხოლოდ საკუთარი ვებ-გვერდის აუდიტორიის გაზრდა, არამედ კონკრეტული გზავნილების გავრცელებაც იყო”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი