ახალი ამბები

ჩავთვალე, პირველი დარტყმა მე ამეღო საკუთარ თავზე – ტიკარაძე მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომაზე

6 მაისი, 2020 • 3013
ჩავთვალე, პირველი დარტყმა მე ამეღო საკუთარ თავზე – ტიკარაძე მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კადრში, სადაც ის ავტომანქანაში წინა სავარძელზე ჯდება, პირველი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, რათა მცირე რაოდენობის ტრანსპორტით ადამიანების მაქსიმალური გადაადგილება შესაძლებელი გამხდარიყო. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება, ვინაიდან თავიდან, როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა, მე ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები მეტად უფრო დეტალურად შეისწავლიან საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ არის ღია, თქვენი ეთერის საშუალებით განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება, საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში.

ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალების მცირე რაოდენობის ტრანსპორტით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზიც მე გახლავართ, ამეღო ჩემს თავზე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ჩაჯდომა ისჯება 3000- ლარიანი ჯარიმით. აღნიშნული შეზღუდვის პირობებში, ავტომანქანის წინა სავარძელზე მგზავრის ყოფნა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი