ახალი ამბები

საგანგებო რომც გაგრძელდეს, არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება – კობახიძე

5 მაისი, 2020 • 1438
საგანგებო რომც გაგრძელდეს, არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ გახანგრძლივებას, თუმცა მიიჩნევს, რომ საფრთხე არ მუქრება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და, შესაბამისად, 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას.

„ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც  ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას. დრო ყველაფრისთვის საკმარისია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი და მოვლენების განვითარების მიხედვით განისაზღვრება, გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა.

„გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვექნება 22 მაისისთვის. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ესწრება. თუ ვადის გაგრძელება გახდა საჭირო, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია.​ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

ამ თემაზე:

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი