თუ დედამიწა ისეთი ტემპებით გააგრძელებს დათბობას, როგორც ახლა, 50 წლის შემდეგ 3 მილიარდ ადამიანს მოუწევს ცხოვრება ადგილებში, რომლებიც ადამიანისთვის ზედმეტად ცხელი იქნება. აღნიშნულის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომლის მიხედვითაც სტატიას CNN აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ სათბური აირების ემისია ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნდება, 2070 წლისთვის მილიარდობით ადამიანს ისეთ პირობებში მოუწევს ცხოვრება, რაც 6 000 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტემპერატურის ყოველ ერთგრადუსიან მატებაზე 1 მილიარდ ადამიანს მოუწევს ან უფრო გრილ რეგიონებში მიგრაცია, ან ექსტრემალურ სიცხესთან შეგუება.
სპეციალისტების თქმით, 2 100 წლისთვის მოსალოდნელია დედამიწის 3 გრადუსით დათბობა, თუმცა, კვლევის მიხედვით, ვინაიდან ხმელეთი უფრო სწრაფად თბება, ვიდრე ოკეანის ზედაპირი, 2070 წლისთვის ადამიანები იგრძნობენ ტემპერატურის 7.5 გრადუსამდე მატებას.
ტემპერატურის ამგვარმა მატებამ, შესაძლოა, მძიმე გავლენა იქონიოს საკვების წარმოებასა და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც მიგრაციას შეუწყობს ხელს.
დედამიწის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი აფრიკის საჰარის რეგიონია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 29 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. მსგავსი ექსტრემალური ბუნებრივი პირობები პლანეტის 0.8%-ს იკავებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ტერიტორიების წილი პლანეტის ზედაპირის დათბობაში 19%-ს შეადგენს და 2070 წლისთვის გავლენას მოახდენს 3.5 მილიარდ ადამიანზე.
კვლევის მიხედვით, რეგიონებს შორის, სადაც ტემპერატურის მატება ყველაზე საგრძნობი იქნება, სუბსაჰარული აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, არაბეთის ნახევარკუნძული და ავსტრალიაა, სადაც პოპულაცია სწრაფად იზრდება.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატება 3.5 მილიარდ ადამიანს აიძულებს, საცხოვრებელი მიატოვონ, რაც ბევრად აჭარბებს მსოფლიო ბანკის მიერ ნავარაუდებ 143 მილიონ მოსახლეს სამხრეთ აზიაში, სუბსაჰარულ აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმის იმედი, რომ შეიძლება ეს პროგნოზი თავიდან აციცილოთ ნახშირორჟანგის ემისიის გლობალური მაჩვენებლის შემცირებით, რაც მიგრანტთა მოსალოდნელ რაოდენობას გაანახევრებს.
რიცხვები დამყარებულია ყველაზე უარეს სცენარზე და არ მოიცავს მიგრაციაზე ისეთ გავლენებს, როგორიცაა პოლიტიკური განვითარების, ინსტიტუციური ცვლილებების და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები.