ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” გახარიას პარლამენტში იბარებს

5 მაისი, 2020 • 1292
“ნაციონალური მოძრაობა” გახარიას პარლამენტში იბარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაცის წესით პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები აქვს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არ მოიცავს საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ვისაც ყველაზე მძაფრად ეხება ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური ეფექტი:

“2013 წლიდან დღემდე ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე. მათ შორის, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში, ბავშვებსა და პენსიონერებში. COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. რას აკეთებს ამ დროს “ქართული ოცნების” ხელისუფლება?!

ე.წ. დახმარების პაკეტიდან, რომელიც სინამდვილეში პარტაქტივისა და მასთან აფილირებული ბიზნესის შერჩევითად ფულის ჩასხმის თემაა, რატომ დღემდე ერთი თეთრი არ მისულა საქართველოს მოქალაქემდე. რატომ არ არის ამ გეგმაში არცერთი თეთრი გათვალისწინებული პენსიონრებზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ პანდემიის დროს. რატომ არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული 600 000 თვითდასაქმებულზე ან 165 000 სოციალურად დაუცველზე, 100 000-მდე შშმ პირზე ან დენილებზე” ,- ამბობს ბოკუჩავა.

ბოკუჩვამ აღნიშნა, რომ პრემიერი პარლამენტში არ მისულა არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაზე და არც მისი გახანგრძლივებისთვის გამართულ სესიაზე და თუ ამჯერადაც თავს აარიდებს საკანონმდებლო უწყებაში მისვლას, ამით კონსტიტუციას დაარღვევს:

“ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ მობრძანდეს პარლამენტში და პირადად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არმოსვლით გიორიგ გახარია კიდევ ერთხელ დარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს კი  ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება.

გიორგი გახარია იტყვის, რომ “ქართულ ოცნებას”, ეკონომიკური აპარტეიდის გარდა, სადაც მხოლოდ მათი პრივლეგირებული კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, მათ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ. ამიტომ, ჩვენ დღეს საორგანიზაციო დეპარტამენტში შევიტანთ წერილს ინტერპელაციის მოთხოვნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი გახარიას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ ის თავად მობრძანდეს პარლამენტში და თავად გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხები”, – ამბობს ბოკუჩავა.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი