ახალი ამბები

ერგნეთი აფთიაქის, მაღაზიისა და პურის საცხობის გარეშეა – DRI

5 მაისი, 2020 • 1913
ერგნეთი აფთიაქის, მაღაზიისა და პურის საცხობის გარეშეა – DRI

COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვების გამო სოფელ ერგნეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბრუნდა, – ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

DRI აცხადებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ერგნეთის მოსახლეობის საჭიროებებს აპრილის ბოლოს გაეცნო ონლაინ რეჟიმში.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ  2008 წლის ომის შემდეგ ერგნეთში ახალი სკოლა აშენდა, შესაბამისი გარემოთი და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი. თუმცა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, რაც სასწავლო პროცესს აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბევრი ბავშვია, სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს.

DRI-ის ინფორმაციით, ერგნეთში დღემდე არ არის აფთიაქი და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია, მოსახლეობა მედიკამენტების შეძენას ვეღარ ახერხებს მაშინ, როდესაც გულისა და წნევის წამლები ბევრს სჭირდება.

“სოფელში არც მაღაზია და პურის საცხობია. არსებულ პრობლემებს უტრანსპორტობაც დაემატა, გვიხსნიან, რომ პურის, პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების შეძენა ძალიან უჭირთ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ფქვილის მარაგი არ ჰქონდა, პურს შეზღუდულად მოიხმარს. სოფელს არ აქვს მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გასართობი ცენტრი, სპორტული მოედანი ან ბიბლიოთეკა, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდობა განსაკუთრებით განიცდის”, – ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.

ერგნეთში ფუნქციონირებს ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც ომით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა გახსნილი.

2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ერგნეთში 639 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი – 457. გასაუბრებისას DRI-ის უთხრეს, რომ ამჟამად სოფელში 274-მდე კომლი და 726 მკვიდრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი