ხვალიდან, 5 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა იხსნება. კერძოდ, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა იქნება შესაძლებელი, კვირის ბოლომდე კი, შესაძლოა, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადგეს.
გარდა ამისა, მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია, სამშენებლო მასალების მწარმოებლების ჩათვლით. ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები.
„ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ამავდროულად, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია, ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, მუშაობს და ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ცხოვრებასა და საქმიანობასაც”, – აღნიშნა გახარიამ.