ახალი ამბები

მალხაზ სონღულაშვილი უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს

2 მაისი, 2020 • 2736
მალხაზ სონღულაშვილი უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის თქმით, ეკლესია მზადაა, უსახლკაროდ და სახსრების გარეშე დარჩენილი ადამიანები მიიღოს. ამის შესახებ სასულიერო პირმა 1-ელ მაისს, ქადაგებისას განაცხადა და გამოეხმაურა თბილისში წინა დღით მომხდარ შემთხვევას, როდესაც მერიის შენობის წინ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა.

“მე შემძრა და ალბათ თქვენც შეგძრათ, ბევრი, როდესაც გუშინ გავიგეთ ამბავი იმის შესახებ,რომ  ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში, ადამიანმა სცადა თავის დაწვა, იმის გამო, რომ აღმოჩნდა უსასოო მდგომარეობაში და მის გარშემო არ აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისაც შეეძლო მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.

…მივმართავ ჩვენი ქალაქის ხელისუფლებს: სირცხვილია, როდესაც ჩვენს ქალაქში ადამიანი მზად არის, თავი დაიწვას იმის გამო, რომ არავის აინტერესებს მისი ბედი. ასეთები, ჩვენ ვიცით, რომ ბევრია”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიუხედავად მწირი რესურსებისა, ეკლესია მზად არის, ადამიანებს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს:

“…მივმართავ ყველა ადამიანს,ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ ვინ, არ აქვს მნიშვნელობა, მოდით ჩვენთან, ეკლესიაში და მზად ვართ, გაგიზიაროთ ის,რაც ჩვენ გვაქვს. წინდაწინ ბოდიშს გიდით ამ მოკრძალებულობაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”.

“თუ ვინმეს რელიგიურობა სწადია ჩვენს ქვეყანაში ან სხვაგან, მან უნდა სცადოს, გაჭირვებულს გვერდში დაუდგეს, თავისი თანადგომა გამოხატოს მის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს იგი. თითოეული ადამიანი, ტრანსგენდერი იქნება, ჰეტეროსექსუალი თუ ჰომოსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთის სახედ და ხატად არის შექმნილი და შესაბამისად, ჩვენ ყველას გვჭირდება მოწიწებული დამოკიდებულება ვიქონიოთ ამ ადამიანების მიმართ”, – აღნიშნავს მალხაზ სონღულაშვილი.

მისივე თქმით, ადამიანებმა არამხოლოდ ერთმანეთზე, არამედ სამყაროს ყველა მკვიდრზე უნდა იზრუნონ.

“მე მიხარია და ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, იმ ადამიანებით,რომლებიც მზად არის, რომ კარანტინის პირობებში გამოვიდნენ ჩანთებით ხელში და საკვები დაურიგონ ქუჩაში მყოფ ცხოველებს. რა თქმა უნდა, ისინი არ ფიქრობენ,რომ დიდ რელიგიურ საქციელს ჩადიან, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამაზე დიდი რეგლიგიური საქციელი არ არსებობს”, – აცხადებს ის.


30 აპრილს თბილისში ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

ორი ტრანსგენდერი ქალი საღამოს მერიის შენობასთან მივიდა, სადაც ერთ-ერთმა მათგანმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ადგილზე მალევე გამოჩნდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტრანსგენდერმა  ქალმა პროტესტის უმძიმეს ფორმას კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გამო მიმართა – მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ის სახელწიფოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები ქუჩაში დარჩენის და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ არსებული პირობების გამო, ოჯახებისგან კი გარიყულები არიან.

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში არაერთხელ გამხდარან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ტრანსფობიული განწყობების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი