ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დარიალი ჰესის ერთ-ერთი ინვესტორი იაპონური კომპანია TEPCO გახდა.
როგორც მინისტრმა დღეს, 1 მაისს, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, პანდემიის პირობებში, როცა ბიზნესაქტივობა მთელ მსოფლიოში გაჩერებულია, “ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა”. მინისტრის ცნობით, ეს იაპონიიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ჯერჯერობით ინვესტიციის მოცულობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის TEPCO-ს შვილობილი კომპანია “TEPCO Renewable Power” გახდა “დარიალი ჰესის” მეწილე. მათივე ცნობით, TEPCO-ს მფლობელობაში არსებული ენერგოსადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
ქართულ კომპანიაში წილის შეძენის შესახებ თავად TEPCO-მაც გაავრცელა ინფორმაცია. რელიზის
თანახმად, ჰესის მმართველი კომპანია “დარიალი ენერჯისგან” 31.4%-ს შეიძინეს.
დარიალის ჰიდროელექტროსადგური მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურმა ფუქციონირება 2016 წლის ბოლოდან დაიწყო და ესკოსთან გარანტირებულ შეყიდვაზე 15 წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა. ჰესის წლიური გამომუშავება 500 მლნ.კვ/სთ-ს აჭარბებს, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 4%-ს შეადგენს.