საზოგადოება

2023-ის იანვარ-ივნისში საქართველოში 7-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ინვესტიცია — TI

26 სექტემბერი, 2023 • 1313
2023-ის იანვარ-ივნისში საქართველოში 7-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ინვესტიცია — TI

რუსეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო”(TI) ავრცელებს.

ორგანიზაციამ ხსენებული მონაცემი გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემს შეადარა. TI-ის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციის სახით $56 მილიონი შემოვიდა.

“56 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 18 მლნ  დოლარი –  უძრავი ქონების სფეროში, 7 მლნ დოლარი- საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 4 მლნ დოლარი- ვაჭრობაში”, — აღნიშნავს ორგანიზაცია და იქვე ამატებს:

“2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5% იყო. თუმცა საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მონაცემებით, შარშან, 2022 წელს, რუსეთიდან საქართველოში 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი