ახალი ამბები

2024-ის I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა — საქსტატი

10 ივნისი, 2024 •
2024-ის I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ აშშ დოლარით (16.7 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს

საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია.

მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ აშშ დოლარით (19.3 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი