ახალი ამბები

მე დაჭრილი არ ვარ, იარაღზე არაფერი ვიცი – არქიმანდრიტი საბა ჟღენტი

22 აპრილი, 2020 • 3442
მე დაჭრილი არ ვარ, იარაღზე არაფერი ვიცი – არქიმანდრიტი საბა ჟღენტი

არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობს, რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე მას ინფორმაცია არ აქვს, ცნობა კი იმის შესახებ, რომ თითქოს ის დაჭრეს – არასწორია. საბა ჟღენტი ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.

ქართულ ონლაინ და სატელევიზიო მედიაში დილიდან ვრცელდება ცნობები ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ეპარქიაში კატეგორიულად უარყოფენ, ერთ-ერთი სასულიერო პირი მეორემ დაჭრა.

„გულნატკენი ვარ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ მშობლები, ახლობლები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს… ძალიან ძნელია ამის ატანა.

მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ – დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს“, – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ტელეკომპანია „პირველთან“ ჩართვისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდა ყინწვისის მონასტერში და რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვის მუხლით – არქიმანდრიტი საბა ამბობს, რომ ეს არ იცის.

„მე მინდა გითხრათ: რომ შსს-მ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი… მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი… შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა,  ვიქნებოდი შსს მინისტრი და მეცოდინებოდა, რომელი იარაღი საიდან ამოიღეს. მე ვარ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი.

მე უარვყოფ იმას, რომ აქ საბას კოშკში [კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერში], რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს. და მამა დავითთან [ყინწვისის მონასტერი] რა მოხდა ტაძარში, რა იარაღი ამოიღეს – ეს მე არ ვიცი. მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია…“, – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რა მოხდა ყინწვისის მონასტერში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი