ახალი ამბები

არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს რემდისივირს – ცერცვაძე

30 აპრილი, 2020 • 1637
არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს რემდისივირს – ცერცვაძე

 კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ექსპერიმენტულ მედიკამენტ “რემდესივირს”, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ პოტენციურად ერთ-ერთ ეფექტურ მედიკამენტად მიიჩნევა. ამის შესახებ ცერცვაძემ დღეს, 30 აპრილს, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო “რემდესივირის” მწარმოებელ კომპანია “გილეადთან” C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, რის გამოც სახელმწიფოს იმედი აქვს, რომ მედიკამენტს სწრაფად მიიღებს.  ცერცვაძე აღნიშნავს, რომ “რიგში ჩადგომის” შემთხვევაში საქართველო, ფაქტობრივად, უშანსოდ იქნებოდა დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების დაბალი მაჩვენებლის გამო სხვა ქვეყნებთან შედარებით.

“…ქალბატონ მინისტრსა და ჩვენს მთავრობას აქვს ერთი პრივილეგია, რომ კომპანია “გილეადი” ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს უფასოდ აწვდის მედიკამენტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის და საერთოდ, დიდ პატივს სცემს საქართველოსა და მის ჯანდაცვას. ჩვენმა ხელმძღვანელებმა, ქალბატონმა ეკამ, ისარგებლეს ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს ამ კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის ისტორია და მისცეს ქვეყანას რემდესივირი.

არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს რემდესივირს და თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო ანტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო ამით კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ”, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის სამედიცინო საკითხებში, აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ცდების მონაცემები „საკმაოდ კარგი ამბების“ მაუწყებელია.

ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა „კარგად გამოკვეთილი დადებითი ეფექტი, რომელიც გამოიხატება გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირებაში“.

თუმცა მანამდე “ლანცეტში” გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც მძიმე პაციენტებზე პრეპარატის ეფექტურობა ვერ დააადასტურა.

COVID-19-ის შესაძლო წამლის კვლევის მონაცემები იმედის მომცემია — ფაუჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი