ახალი ამბები

რას აპირებს მთავრობა #15 დადგენილებაზე

30 აპრილი, 2020 • 1098
რას აპირებს მთავრობა #15 დადგენილებაზე

მთავრობის მე-15 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ხვალიდან შედის და რომლის შეჩერებასაც ოპოზიციაში ითხოვენ, დღეს სამინისტროში მსჯელობა გაიმართება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“ჩვენ მივყვებით იმ დადგენილებას. ამასთან დაკავშირებით 18 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ დაბებში და, ცხადია, მოსახლეობის დაფარვიდან და ბენეფიცირების რაოდენობიდან გამომდინარე ვერ აღწევენ 13 000-ს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტწილად წარმოადგენენ არა სამედიცინო, არამედ ისეთებს, როგორიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც,  მისი განმარტებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების (კაპიტაციური – სულადობრივი ანაზღაურება) მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ იანვრის დასაწყისში მიღებული ეს დადგენილება ძალაში ხვალ, პირველ მაისს შედის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სამ ქალაქში სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13 000 და მეტი ბენეფიციარი. ეს წესი არ ვრცელდება ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე; იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს, მეტიც, მთავრობა სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს დაფინანსებას უნდა უზრდიდეს. ამასთან, აცხადებს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ პერსონალს.

“მთავრობამ უნდა შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და, ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს”,-წერს “ევროპული საქართველოს წევრი.

“რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტია. შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება  დეტალური და პერსონალური განხილვები და, შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია”, – აცხადებს ტიკარაძე საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი