ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: ხვალიდან საავადმყოფოების ნაწილი კაპიტაციურ დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

30 აპრილი, 2020 • 1372
ჭიაბერაშვილი: ხვალიდან საავადმყოფოების ნაწილი კაპიტაციურ დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც  მისი განმარტებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების (კაპიტაციური – სულადობრივი ანაზღაურება) მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია.

მთავრობის მიერ იანვრის დასაწყისში მიღებული ეს დადგენილება ძალაში ხვალ, პირველ მაისს შედის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სამ ქალაქში სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13 000 და მეტი ბენეფიციარი. ეს წესი არ ვრცელდება ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე.


ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს. მეტიც, მთავრობა სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს დაფინანსებას უნდა უზრდიდეს. ამასთან, აცხადებს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ პერსონალს.

“მთავრობამ უნდა შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და, ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს”,-წერს “ევროპული საქართველოს წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი