ახალი ამბები

“პოლიციელმა ქალს აბორტი აიძულა” – საიას ანგარიში პოლიციელთა ძალადობაზე

29 აპრილი, 2020 • 1986
“პოლიციელმა ქალს აბორტი აიძულა” – საიას ანგარიში პოლიციელთა ძალადობაზე

ცემა, გაუპატიურება, იძულებითი აბორტი, სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა –  ეს პოლიციელთა მხრიდან არასათანადოდ მოპრყობის ის ჩამონათვალია, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2019 წლის ანგარიშში შევიდა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში10 საქმე განიხილეს, რომლებიც არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმად შეფასდა. თუმცა ამ 10 საქმიდან ბრალი პირს მხოლოდ 1 საქმეზე წარუდგინეს.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველთა მხრიდან არაადამიანურ მოპრყობას სისტემური ხასიათი არ აქვს, ეს დანაშაული მაინც პრობლემურად რჩება. განსაკუთრებით კი მისი გამოძიებისა და პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების, ასევე, საქმეში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების კუთხით.

„ყველაზე ხშირად გამოიკვეთა, რომ არასათანოდო მოპრყობას ადგილი აქვს უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, ამ კუთხით ხშირია შემთხვევები ტრანსპორტირების და პოლციის განყოფილებებში გამოკითხვისა ან დაკითხვის დროს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი გვანცა საკანელაშვილი.

რაც შეეხება ფორმებს, 10 გამოკვლეული საქმიდან გამოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმად პოლიციელები იყენებენ ფიზიკური ძალადობას – ცემასა და ძალადობის სხვა ფორმებს; ასევე, ფსიქოლოგიურ ძალადობას – მუქარას, ზეწოლას, შანტაჟს და ა.შ.

იურისტები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ისიც, რომ დაკითხვის დროს ვიდეო-აუდიო ჩანაწერი სავალდებულო არ არის. გარდა ამისა, პრობლემურია ქვეყნის კანონმდებლობაც.

„ჩვენ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველი უწყების წარმომადგნლის მხირდან ადგილი აქვს პირისთვის იძულებითი აბორტის გაკეთებას. ადამიანების ნების საწინააღმდეგოოდ პოლიციელის მიერ, საკუთარი გავლენის გამოყენებით, ამ პირს აბორტი გააკეთებინეს

იძულებითი აბორტის შემთხვევაში მხოლოდ ის მუხლი, რომელიც დღეს კანონმდებლობაში გვაქვს, საკმრისი არ არის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება სტამბოლის კონვენციის რატიფიცრების შემდეგ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს იძულებითი აბორტისა და სტერილიზაციის ფაქტების კრიმინალიზება”, – ამბობს გვანცა საკანელაშვილი.

როგორც იურისტი ამბობს, საქართველოში იძულებითი სტერილიზაცია ისჯება, მაგრამ იძულებით აბორტზე სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ არის. საქართველოში აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ უკანონო აბორტი, რაც არ მოიცავს უშუალოდ იძულებით აბორტს.

მისივე განმარტებით, მუხლის არარსებობა დანაშაულის კვალიფიცირებას ართულებს. ამასთანავე, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ამგვარი დანაშაულის გამოძიებისას ხშირად იგვიანებს ექსპერტიზა ან სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

ხდება ისეც, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტიდან რამდენიმე თვეში დაზარალებული  დაუბარებიათ ექსპერტიზაზე, ანუ მაშინ, როდესაც ყველა კვალი უკვე წაშლილია.

ამასთანავე, პრობლემურია დაზარალებულად ცნობის სტატუსის მინიჭებაც. საია ამბობს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეებში მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ დაბალია. კერძოდ, საიას წარმოებაში არსებული 10 საქმიდან მხოლოდ ორი პირია ცნობილი დაზარალებულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი