ახალი ამბებიეკონომიკა

საქმიანობის გაგრძელების მსურველმა კომპანიებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ

29 აპრილი, 2020 • 4031
საქმიანობის გაგრძელების მსურველმა კომპანიებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ

კომპანიები, რომლებსაც მუშაობის გაგრძელება სურთ, შესამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.

როგორც სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დღეს, 29 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობის აღდგენის მიზნით კომპანიებს სამინისტროს საიტზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათიდან შეეძლებათ.

ფერაძის განმარტებითვე, შემოწმებისას ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით იხელმძღვანელებენ, რომელიც ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებისთვის სავალდებულო შესასრულებელია. საუბარია უსაფრთხოების წესების დაცვაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

მისივე თქმით, შემოწმების წარმატებით დასრულების შემდეგ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება კომპანიების სია და მიენიჭებათ ორკვირიანი ინტერვალით მუშაობის გაგრძელების საშულება. გარკვეული “ხარვეზის” შემთხვევაში კომპანიებს ხელახლა მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ შემოწმების პროცესი.

“მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიებს შეამოწმებენ სხვადასხვა უწყებები, როგორებიცაა მუნიციპალური ინსპექციები, გარემოს დაცვის შესაბამისი ორგანოები და ეკონომიკის სამინისტროს ინსპექციის სამსახურები. რათა გაიგონ, ბიზნესსაქმიანობისას ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციები რამდენად არის დაცული. ბიზნესი ვალდებულია დღეს, 18:00 საათიდან რეგისტრაციის პროცესი დაიწყოს. ეს მათსავე ინტერესშია. სპეციალური აპლიკაცია საშუალებას გვაძლებს, შემოწმებამდე მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ. თუ აქამდე ბიზნესს სხვადასხვა უწყება ამოწმებდა, ანუ რეგისტრაციის პროცესის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევდათ, დღეს ჩვენ ეს გავაერთიანეთ ერთი ფანჯრის პრინციპით”,- ამბობს ფერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი