ახალი ამბები

“კომისიურად განვიხილავთ” – ტიკარაძე ძიძებისა და სხვა ფიზიკურ პირებთან მომუშავეების დახმარებაზე

29 აპრილი, 2020 • 1483
“კომისიურად განვიხილავთ” – ტიკარაძე ძიძებისა და სხვა ფიზიკურ პირებთან მომუშავეების დახმარებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კომისიური წესით, ინდივიდუალურად განიხილავენ ძიძებისა და სხვა ფიზიკურ პირებთან მომუშავეების განაცხადებს 300- ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.

“სამთავრობო მიდგომაა, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით, ასევე, ისეთი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, რომელიც წარმოადგენს როგორც საბანკო ანგარიშს, ასევე, სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც იურიდიული პირიდან, ასევე, თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს, ყვავილს, ჩვენ კომისიური წესით განვიხილავთ ინდივიდუალურად ამ განცხადებებს და შევეცდებით მაქსიმალურად მოცვადი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ. ჩვენ ამ დეტალებს განვიხილავთ კომისური წესით იმისათვის, რომ შევძლოთ ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ”, – ამბობს მინისტრი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, თვითდასაქმებულებმა საბანკო ანგარიშები ან შემოსავლის არსებობის ნებისმიერი ცნობა უნდა წარადგინონ, თუმცა დახმარებას მხოლოდ ფიზიკური პირისგან გაცემული ცნობით ვერ მიიღებენ:

“განსაკუთრებულად ლოიალური მექანიზმი იქნება კომისიის მხრიდან ამოქმედებული, რომელიც პირველ რიგში ბენეფიციარის ინტერესებზე იქნება მორგებული. თითოეული განცხადება იქნება ძალიან ლოიალურად განხილული. ამათში შევლენ ის პირები, ვინც თუნდაც საბანკო ანგარიშებით დაადასტურებენ, ნებისმიერი ტრანზაქციით, რომ მათ რაიმე ტიპის შემოსავალი ერიცხებოდათ. ნებისმიერი დამადასტურებელი ცნობა არის საკმარისი, რომ დახმარება მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ცნობა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და აქედან გამომდინარე – არა”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მანამდე, 27 აპრილს, თამარ ბარკალაია აცხადებდა, რომ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, რომლებმაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამუშაო დაკარგეს, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ. „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული“, – თქვა თამარ ბარკალაიამ.

„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე

ყველაფერი, რაც თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებაზე ვიცით

მასალების გადაბეჭდვის წესი