ახალი ამბები

როგორ მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას უხელფასოდ დარჩენილები

28 აპრილი, 2020 • 11116
როგორ მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას უხელფასოდ დარჩენილები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული, შემდეგ თვეებში კი ვეღარ იღებენ.

როგორც მან განმარტა, ამ ნაწილში საუბარია დაქირავებით დასაქმებულებზე, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი — ეს აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან უბრალოდ აღარ უხდიან ხელფასს.

ხუციშვილის თქმით, კომპენსაციის გაცემა მაისიდან დაიწყება და ეს იქნება აპრილის თვის კომპენსაცია.

მინისტროს მოადგილის თანახმად, დამსაქმებლებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე ღონისძიების მიღება და იმ მარტივი პროცედურის გავლა მოუწევთ, რასაც საშემოსავლო სამსახურში აქამდეც აკეთებდნენ:

„დამქირავებელი ყოველი თვის 20 რიცხვამდე, – სასურველია, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად, – rs.ge-ზე წარმოადგენს იმ პირთა სიას, ვინც ერთხელ მაინც აიღო ხელფასი ამ სამ თვეში და შემდეგ აღარ აუღია“. rs.ge-ზე ფორმაში უნდა მიუთითოს დასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისი საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები — ანგარიშის ნომერი, სადაც თანხა უნდა ჩაურიცხონ.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ყოველი თვის 20 რიცხვამდე rs.ge გააკეთებს საკომნეპსაციო პირთა ერთიან ბაზას და ამ ბაზას გაუგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც უშუალოდ გადაურიცხავს თანხას უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებს.


24 აპრილს მთავრობამ დააანონსა მოქალაქეების დახმარების შემდეგი პაკეტები:

  • უხელფასოებს/სამსახურდაკარგულებს — 200-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვით;
  • 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულებს და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, ვინც მოახერხებს დასაბუთებას, რომ Covid-19-ის ეპიდემიის გამო უსახსროდ დარჩა;
  • 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვის განმავლობაში — სოციალურად მოწყვლადი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის;

მასალების გადაბეჭდვის წესი