ახალი ამბები

თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 აპრილი, 2020 • 1877
თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მინიციპალიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში ინფიცირებული პირი სამსახურში არ იმყოფებოდა და დისტანციურად მუშაობდა.

ამასთან, პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ მერიის თანამშრომლის ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია. როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევაა დადასტურებული.

“გუშინ ლაბორატორიაში გადაიგზავნა 19 ადამიანის ნიმუშები და აქედან მხოლოდ მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19. ახლა ლუგარიის ლაბორატორიიდან ველოდებით ჯგუფს, რომლებიც ტესტირებას ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფ პირებს ჩაუტარებენ. მათ შორის, მერიის თანამშრომლებსაც. რამდენ ადამიანს ჩაუტარდება ტესტირება, ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” მერიაში.

26 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ცენტრი დაიკეტა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მიიღეს „მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რადგან „მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება“. მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება — „სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის.”

27 აპრილის 17:11 საათისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  496 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, გარდაცვალების კი 6 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი