ახალი ამბები

ანტიკრიზისული გეგმის პლუსები და მინუსები – EMC-ის გამოხმაურება

27 აპრილი, 2020 • 1548
ანტიკრიზისული გეგმის პლუსები და მინუსები – EMC-ის გამოხმაურება

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC) მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება და მთავრობას სოციალური მხარდაჭერის “უფრო სრულყოფილი, მოქნილი და საყოველთაო პოლიტიკისკენ” მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია დადებითად აფასებს გეგმის რამდენიმე მიმართულებას, თუმცა საუბრობს პრობლემებზეც, რომლებიც კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების შემთხვევაში იკვეთება.

EMC-ის განცხადებით, მისასალმებელია, რომ გეგმა”მრავალმხრივი სოციალური რისკების” არსებობას არ უარყოფს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალურ სექტორში ჩართული დამსაქმებლებით.

“მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური სექტორი და თვითდასაქმებულები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან და სახელმწიფო პოლიტიკა მათ ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც წესი, არ ითვალისწინებს, დღეს ისინი დაანონსებული სოციალური პაკეტების მიმღებთა შორის მოხვდნენ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია”, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა გადახედოს სოციალური დაცვის სისტემას, რათა დახმარება დაუბრკოლებლად მივიდეს საჭიროების მქონე პირებამდე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბუნდოვანია, რომელ ეკონომიკურ მოლოდინებს ეფუძნება მიზნობრივი ჯგუფების ზომებთან დაკავშირებული გათვლები. EMC-ის თქმით, თვითდასაქმებულებისადმი მთავრობის სოციალური დახმარება 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, როცა მათი რეალური ოდენობა 800 000-ია.

“თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციას ასევე კითხვები აქვს არაფორმალურად და თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი დახმარების ოდენობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით, როცა ვირუსის თანმდევი კრიზისის ფონზე მათი მდგომარეობა, შესაძლოა, უკიდურესად გაუარესდეს:

“ასევე, დაქირავებით დასაქმებულებისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური 200 ლარი არსებულ საარსებო მინიმუმს, რომელიც თავის მხრივ ხარვეზიანი მეთოდოლოგიით არის დაანგარიშებული და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამა, მნიშვნელოვნად არ აღემატება. ეს გვაფიქრებინებს, რომ დაანონსებული შემწეობა არსებული საჭიროებების სრულყოფილ შეფასებას არ ეფუძნება”.

EMC ყურადღებას ამახვილებს მთავრობის გეგმაზე, დაეხმაროს “დაქირავებით დასაქმებულ პირებს”, რომლებიც “გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.” ორგანიზაციის თქმით, “იძულებით აუნაზღაურებელ შვებულებაში” დასაქმებულის გაშვება, შრომის კოდექსის თანახმად, უკანონო პრაქტიკაა და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ნორმალიზებას ხელი არ შეუწყოს:

“ამ პრაქტიკის ნორმალიზება წინააღმდეგობაში მოდის დასაქმებულთა ხელფასების შენარჩუნებისკენ მიმართულ ისეთ წამახალისებელ ზომას, როგორიცაა დამსაქმებელთათვის საშემოსავლო გადასახადის ტვირთის შემსუბუქება, რადგან დამსაქმებელს უბიძგებს ფინანსურად უფრო ხელსაყრელი ნაბიჯისკენ, სამუშაო ძალის შენარჩუნება ხელფასის გადახდის გარეშე სცადოს”.

რაც შეეხება კერძო სექტორის დახმარებას: EMC ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო პრიორიტეტად განსაზღვრავს თავად ბიზნესს, როცა მას დასაქმებულთა ინტერესების დაცვაც შეეძლო

“სახელმწიფოს შეეძლო მის ხელთ არსებული ფინანსური და საგადასახადო ბერკეტები იმგვარად მიემართა, რომ დამსაქმებელთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება პრიორიტეტული გამხდარიყო – ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა შემცირებებისთვის თავის არიდებაზე ნაწილობრივ მაინც იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა ამის ნაცვლად ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესებს უპირობო დახმარებას სთავაზობს”, – ამბობს ორგანიზაცია.

EMC ამბობს, რომ მხარდაჭერის აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც, რომლებიც გეგმის მიღმა აღმოჩნდნენ. ასეთ ჯგუფად ორგანიზაცია უსახლკარო ადამიანებს მოიაზრებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გეგმით გათვალისწინებული დახმარება შშმ პირთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს მოიცავს, მათ ნაწილს კი შემწეობა არ ეხება.

“ამასთან, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს იმ ბავშვების საჭიროებები, რომელთათვისაც ქვეყანაში არსებული რეგულაციებით არ ხდება შშმ სტატუსის მინიჭება”, – წერს ის.

EMC ასევე საუბრობს იმ მიმართულებებზე, რომელთა შემთხვევაშიც სახელმწიფოს მიდგომა ნათელი არ არის. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც კრიზისის პირობებში შემცირებულ უცხოურ გადმორიცხვებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ “გეგმაში არაფერი თქმულა არც მიკროსაფინანსოების თუ კერძო მევახშეების მიერ დაზარალებული მოქალაქეების შესახებ”.

“ანტიკრიზისული გეგმა კითხვებს აჩენს დაგეგმილი ზომების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე, რა დოკუმენტაციით და პროცედურების გავლით შეძლებენ ბენეფიციარები სხვადასხვა ანტიკრიზისულ სოციალურ პროგრამებში მოხვედრას. ეს გამოწვევა განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს შეიძლება შეეხოს, მათი მხრიდან შემოსავლის დაკარგვის ფაქტის დამტკიცების სირთულიდან გამომდინარე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი