ახალი ამბები

მანაც მაპატია და მეც ვაპატიე – მერაბიშვილი ბერძენიშვილზე

26 აპრილი, 2020 • 5441
მანაც მაპატია და მეც ვაპატიე – მერაბიშვილი ბერძენიშვილზე

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა მას აპატია 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით რუსეთის ჯაშუშობის ბრალდება; მერაბიშვილმა ასევე თქვა: „მეც ვაპატიე, რადგან მე პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“.

მერაბიშვილმა 26 არპილს მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, 7 ნოემბერს აქციაზე ერთი მხრივ იყვნენ „სრულიად გულწრფელად გამოსული ხალხი, რომელსაც არ მოსწონდა ბევრი რამე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“, მეორე მხრივ კი ორგანიზატორების ნაწილი, „რომელიც პირდაპირ მოქმედებდა რუსეთის დახმარებით“.

ინტერვიუერის, ნიკა გვარამის კითხვაზე, იყო თუ არა ამ ადამიანებში ლევან ბერძენიშვილი, მან თქვა: „არ შედიოდა“. გვარამიამ მას ასევე ჰკითხა, რატომ გამოაქვეყნეს მისი ფარული ჩანაწერი, რაზეც მერაბიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა:

„მე რომ გამოვედი ციხიდან, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, იყო ლევან ბერძენიშვილი, რადგანაც მინდოდა მასთან საუბარი. იმიტომ, რომ მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი რომ იყო პოლიტპატიმარი“.

„მე, ახალმა პოლიტპატიმრამ, მას, ძველ პოლიტპატიმარს დავურეკე და გავცვალეთ აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. მანაც მაპატია მე ის, რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან მე პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“.


„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც მაშინდელი მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს.

2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ „ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც“ გავრცელდა, რომელთა მეშვეობითაც რიგ პოლიტიკოსებს, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს მოსკოვთან კავშირს ედავებოდნენ.

მაშინდელი შსს-ს ვერსიით, სატელეფონო საუბარში ბერძენიშვილი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის მუშაკს ესაუბრებოდა საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

2018 წელს ამ საკითხზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმაც და ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც „რესპუბლიკური პარტია“ ენმ-სთან ერთად მონაწილეობდა არჩევნებში.

არასწორად მიმაჩნია ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი