ახალი ამბები

არასწორად მიმაჩნია ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება – სააკაშვილი

12 ოქტომბერი, 2018 • 4743
არასწორად მიმაჩნია ლევან ბერძენიშვილის რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება – სააკაშვილი

ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა მას ბოდიში მოუხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “ფეისბუქზე” ეხმაურება. მისი გაცხადებით, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელს მართლაც უთხრა, რომ არასწორად მიაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება და “თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა”, არ სწყინს.

“გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი,რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.  არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება.

ვთვლი,რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა,მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს. ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს… რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უფრო დამაჯერებლად და სწრაფად გაიმარჯვებს საქართველო…”, – წერს სააკაშვილი.

ლევან ბერძენიშვილმა ასევე “ფეისბუქზე” გუშინ დაწერა, რომ ფრანკფურტში ყოფნისას, მასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მივიდა, მის მიმართ წარსულში  გამოთქმული შეფასებების გამო მოუბოდიშა და “სამშობლოსთვის თავდადებული” უწოდა. დღეს, 12 ოქტომბერს, ბერძენიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბოდიში ესიამოვნა, თუმცა სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც მაშინდელი მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს.

2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ “ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც” გავრცელდა, რომელთა მეშვეობითაც რიგ პოლიტიკოსებს, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს მოსკოვთან კავშირს ედავებოდნენ. მაშინდელი შსს-ს ვერსიით, სატელეფონო საუბარში ბერძენიშვილი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის მუშაკს ესაუბრებოდა საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით. “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი