ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„კლინიკებში ყველას ვერ ვუმკურნალებთ“ – სომხეთი სახლში მკურნალობას აანონსებს

26 აპრილი, 2020 • 1311
„კლინიკებში ყველას ვერ ვუმკურნალებთ“ – სომხეთი სახლში მკურნალობას აანონსებს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს Covid-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტის მკურნალობას;

შესაბამისად, მისი თქმით, სომხეთი კორონავირუსის გავრცელების მომდევნო სცენარზე გადადის, როდესაც მსუბუქი სიმპტომების მქონე ან ასიმპტომური პაციენტები სახლში იმკურნალებენ.

26 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1746 შეადგინა. ქვეყანაში 17 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.

ამჟამად მკურნალობას 885 პაციენტი აგრძელებს. 833 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო კვირაში 407 ახალი შემთხვევა, 253 გამოჯანმრთელების ფაქტი და 6 გარდაცვალება დადასტურდა.

26 აპრილს „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან საუბრისას, როდესაც ბოლო კვირაში რიცხვების ზრდაზე და შესაძლო სცენარზე [სახლში მკურნალობაზე] საუბრობდა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ეს რისკებს წარმოქმნის, რადგან გვექნება ვირუსის სახლში გადაცემის შემთხვევები, მაგრამ  ეს შესაძლოა ერთადერთი შესაძლო მიმართულება იყოს, რადგან შეუძლებელია ყველას საავადმყოფოებში მოვლა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ საშუალო სიმძიმის და მძიმე შემთხვევებს ვუმკურნალებთ კლინიკებში“.

„ნეტგაზეთის“ არქივიდან:

სომხეთი და საქართველო პანდემიის პირისპირ – ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი