დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 24 აპრილის ჩათვლით საქართველოში ახალ კორონავირუსზე ჩატარებულია 10 711 PCR ტესტი.
ეს 1012-ით მეტია, ვიდრე 23 აპრილისთვის ტესტირებულთა საერთო რაოდენობა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 25-ით გაიზარდა და 456 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღიური მონაცემების დიდი მატების მიზეზი სწორედ გუშინ, 24 აპრილს ჩატარებული აგრესიული კვლევაა. NCDC-ის ინფოგრაფიკიდან ირკვევა, რომ დღიურად ტესტირებულთა რაოდენობა 20 აპრილიდან გაიზარდა. მაგალითად, თუ 19 აპრილს 265 ტესტი ჩატარდა, 23 აპრილს ტესტირებულთა რაოდენობამ 700 შეადგინა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა PCR ტესტირებულთა რაოდენობა და ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს, არის ის, ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა, იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე ჩატარებული მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ხორციელდებოდა საკარანტინე სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში. სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს”, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები, უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება, რათა დროულად მოხედ ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება.
ამ თემაზე:
კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა