ახალი ამბები

ცერცვაძე: რაც მეტი ადამიანი გაიტესტება, მით უკეთესია

25 აპრილი, 2020 • 1647
ცერცვაძე: რაც მეტი ადამიანი გაიტესტება, მით უკეთესია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დროთა განმავლობაში კარანტინის შემსუბუქება და ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა აუცილებელია, თუმცა ამ პირობებში ინფიცირების რისკი ბუნებრივად იზრდება და მასობრივი ტესტირება სასარგებლო იქნება.

“მასობრივი ტესტირება მხოლოდ დაგვეხმარება. ის, რომ აქამდე საქართველოში არ კეთდებოდა ან ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო და გაძნელდა მათი შემოტანა. მასობრივი ტესტირების არგაკეთების გარკვეულ კომპენსაციას ახდენდა ის, რომ ტესტირება მართალია, შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ უკეთდებოდა იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ”, – განაცხადა ცერცვაძემ და მაგალითად დაასახელა მარნეულსა და ბოლნისში ჩატარდებული მასობრივი ტესტირება.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, კოვიდზე აგრესიული ტესტირებით არავის უნდა ჰქონდეს მთელი მოსახლეობის გამოკვლევის ილუზია.

„რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, ეს უკეთესია, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ე.წ აგრესიული თუ მასობრივი ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეებია – გერმანია, სამხრეთ კორეა და კიდევ ზოგიერთი ქვეყანა, ეს მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილია. იმ ქვეყნებში, სადაც  აგრესიული ტესტირება ჩატარდა, მოსახლეობის 8-10%-ია გამოკვლეული და 90% კი მაინც გამოუკვლეველი რჩება. ამიტომ ის, რომ მოსახლეობაში შეიძლება იყოს გამოუვლენელი შემთხვევები, ეს მაინც დარჩება. ჩვენ 5 წელიწადია ვაწარმოებთ C ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას, ექიმები კარდაკარ დადიან ქალაქსა და სოფელში და სთხოვენ მოსახლეობას, ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია გამოკვლეული. ახლა კოვიდზე აგრესიული ტესტირებით ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან მის ნახევარს. გერმანიამ 10%-ზე მეტი ვერ გამოიკვლია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ თუ ეპიდემია ისე წავიდა, როგორც ეს მაგალითად გრიპის დროს ხდება, მაშინ არც აგრესიული ტესტირების საჭიროება იქნება, თუმცა პირადად ასეთ იოლ სცენარს არ ელის და თვლის, რომ თვის ბოლოს პიკს კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში მიაღწევს პიკს, შემდეგ იქნება პლატო და მხოლოდ ამის შემდეგ დაღმასვლა.

25 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 25-ით გაიზარდა და 456 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღიური მონაცემების დიდი მატების მიზეზი გუშინ, 24 აპრილს ჩატარებული აგრესიული კვლევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის მოქალაქეები გამოიკვლიეს გუშინ და რამდენად აღემატებოდა ეს მაჩვენებელი წინა დღეებში ჩატარებულ კვლევებს.

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი