გიორგი გახარიას განცხადებით, კრიტიკა და შენიშვნები, რომელიც სპეციალური ცხელის ხაზის, 144-ის მუშაობას უკავშირდება, ობიექტური იყო და მიღებულია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები „უკიდურესად დაისჯებიან“, ხოლო მომავალში 144 დარჩება მთავრობისა და მოქალაქეების კავშირის ინსტრუმენტად.
„რაც შეეხება 144-ს. რა თქმა უნდა, თქვენი და ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა იყო ობიექტური. ეს ასე იყო. უბრალოდ, რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, არ მინდა დეტალებში წასვლა.
შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, გარწმუნებთ, დასჯილი იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო რამდენიმე დღე, როცა ზარების რაოდენობა ასცდა 300 000-ს. ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი. მაგრამ 144, როგორც ინსტრუმენტი, როგორც იდეა, მოქალაქის და მთავრობის კავშირისთვის იარსებებს და განვითარდება და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ინსტრუმენტი არა მარტო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომაც, როცა პანდემიას დავძლევთ, ეკონომიკურ აღორძინებაზე გადავალთ.
როცა მოქალაქეს დასჭირდება ხელისუფლების ან მთავრობის დახმარება, აკრეფს 144-ს. რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს კრიტიკა და შენიშვნები მიღებულია“, – აღნიშნა გახარიამ.