ახალი ამბები

უკრაინაში საქართველოს ელჩი სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე საუბრობს

24 აპრილი, 2020 • 1677
უკრაინაში საქართველოს ელჩი სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე საუბრობს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერად რეფორმების საკითხში დიდი ალბათობით თბილისში აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორისგან. როგორც „ინტერფაქს უკრაინა“ იუწყება,  მათთან საუბარში უკრაინაში საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა.

„იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედაა აღიარებული და საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. თავის დროზე იყო მიმართვა უკრაინული მხარისადმი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან და საქართველოში გადმოცემასთან დაკავშირებით, გადაეცა [უკრაინას] აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მასალებიც… გარდა ამისა, უნდა გაგახსენოთ, რომ ეს ადამინი არაერთხელ მოუწოდებდა საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ. ამ ყველაფრის ფონზე, ბატონი სააკაშვილის დანიშვნა დიდი ალბათობით თბილისში აღქმული იქნება, როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორისგან“, — მოჰყავს გამოცემას მისი სიტყვები.

როგორც გამოცემა წერს, შარაშენიძემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ინფორმირებულია ამ საკითხის მიმართ საქართველოს პოზიციაზე:

„ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სტრატეგიული პარტნიორი ყურადღებას მიაქცევს ქართული მხარის დამოკიდებულებას სააკაშვილის და წარსულში მისი დანაშაულების მიმართ, რაც დასტურდება სასამართლო დადგენილებებით“, — მოჰყავს გამოცემას შარაშენიძის განცხადება.

ელჩმა, „ინტერფაქს უკრაინას“ ცნობით, აგრეთვე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინას თანამშრომლობაზე:

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სუამ-ის ფორმატში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარლგებში. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ურთიერთდახმარებას და ძალისხმევას რუსეთთან კონფლიქტის და დეოკუპაციის საკითხში. საქართველოში უკრაინას მიიჩნევენ მეგობრულ ქვეყანად, უკრაინელ ხალხს კი -ყველაზე ახლოდ“, — ციტირებს გამოცემა ელჩს.

გარდა ამისა, „ინტერფაქსის“ ცნობით, შარაშენიძემ განაცხადა, რომ „იყო არაერთი მცდელობა, ხელოვნურად შემოტანილიყო განხეთქილება ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი უშედეგო აღმოჩნდა“.


მანამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო.

პარასკევს, 24 აპრილს სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ უკვე შეხვდა რადაში ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრებს.

გარეკანის ფოტოზე: საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი