ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ქვეყანა აპირებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დამატებით 30 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
„ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში WHO-ს დახმარება მრავალმხრივი თანამშრომლობის და გლობალური სოლიდარობის ნიშანია“, — წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ჰუა ჩინინგი „ტვიტერზე“.
„როიტერსის“ ცნობით, ჩინინგი აცხადებს, რომ ჩინეთის ახალი გადარიცხვა ჯანმოსთვის განკუთვნილია განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ხოლო ეს არაა ჩინეთის მიერ WHO-ს დამატებითი დაფინანსების პირველი შემთხვევა — ჩინინგის თქმით, ჩინეთმა 11 მარტს ორგანიზაციას 20 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა.
აქამდე, 15 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ორგანიზაციის დაფინანსებას შეაჩერებდა.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ, ჩინეთთან ერთად, კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია დამალა. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს დონალდ ტრამპმა, აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთმა ლიდერმა ენტონი ფაუჩიმ და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ მსგავსი პრეტენზიები აქვს იაპონიასაც, სადაც თქვეს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა გადაიხედოს.
ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.