ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19 აფხაზეთში – ინტერვიუ აფხაზ ექიმთან და დეპუტატთან

22 აპრილი, 2020 • 4436
COVID-19 აფხაზეთში –  ინტერვიუ აფხაზ ექიმთან და დეპუტატთან

 


თანამშრომლობენ თუ არა აფხაზი ექიმები ქართველ კოლეგებთან და როგორ აფასებს აფხაზური მხარე COVID-19–ის გავრცელების შეკავების საკუთარ შესაძლებლობებს. ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი ალხას ჯინჯოლია, პრაქტიკოსი ექიმი [ქირურგი] და აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი:

ბატონო ალხას, დღესდღეობით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ სამი გამოვლენილი შემთხვევაა. ამ პირობებში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი საკარანტინო ზომები. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი მკაცრი ზომების მიღების საფუძველი არ არსებობდა?

შეხედეთ მეზობელ ქვეყნებს. რუსეთსა და საქართველოში ძალიან დაძაბულია სიტუაცია და ყოველდღიურად კიდევ უფრო იძაბება. მათი ექიმები კი ჩვენებზე ბევრად უკეთესად არიან აღჭურვილი. ამიტომაც ვერ დაველოდებოდით, თუ როდის დაიწყებოდა მასობრივი გავრცელება. ყველამ უნდა დავიცვათ კარანტინი. არ არსებობს გარანტია, რომ ქუჩაში არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც, მაგალითად, მოსკოვიდან არ ჩამოვიდა. იქ კი მოგეხსენებათ, როგორი სიტუაციაა.

ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე და ექიმებზე მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ კავშირები თქვენს კოლეგებთან ფსოუს და ენგურს გაღმა? 

რა თქმა უნდა. თუ თქვენ ცხოვრობთ მეორე სართულზე და პირველ და მესამე სართულებზე ხანძარია, თქვენ ვერ იჯდებით მშვიდად და ვერ მოიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდება. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ კოლეგებთან იქითაც და აქეთაც. ვიდეოკონფერენცია გვქონდა ქართველ ექიმებთან და გაირკვა, რომ ზუსტად ისევე ვმკურნალობთ ჩვენს პაციენტებს, როგორც იქ. მათ უნდოდათ ესწავლებინათ ჩვენთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ. არ ჩამოვრჩებით მათ, როგორც არ უნდა უნდოდეთ ეს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ჩვენი პაციენტები რომელ გრაფაში მოხვდებიან იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გვაღიარებს და მსოფლიო ონლაინ მრიცხველშიც გრაფა “აფხაზეთი” არ არსებობს? 

მოგეხსენებათ, ჩვენ ჩვენი ტესტების შედეგებს და მასალას სტავროპოლის კვლევით ინსტიტუტში გვზავნით. ისე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს “არაღიარებული რესპუბლიკების” განყოფილება. თუმცა დღეს, კითხვაზე პასუხი, სად იქნება ჩვენი მონაცემები, დღის წესრიგში არ დგას, რადგან ჩვენი მთავარი საზრუნავია ის, რომ მეტად არ გაიზარდოს დადასტურებული შემთხვევები.

ქართულ მედიაში ხშირად იწერება აფხაზ პაციენტებზე, რომლებიც იქ გადიან მკურნალობას. თქვენ მათ შესახებ მედიით იგებთ, თუ იქამდეც საქმის კურსში ხართ ხოლმე, როდესაც ისინი კვლევებზე და მკურნალობაზე ენგურს გაღმა მიდიან?

რეალობაა, რომ აფხაზეთიდან ბევრი მიდის საქართველოში სამკურნალოდ და ახლა კორონავირუსს არ ვგულისხმობ. ეს ადამიანები აკეთებენ არჩევანს, რადგან მათთვის ერთადერთი საშუალებაა ეს, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და მათი გაკიცხვის უფლება მე არ მაქვს. რაც შეეხება ახალ ინფექციას, დიახ, იყო ასეთი პირველი ე.წ. სატრანზიტო შემთხვევა, როდესაც ჩვენი მოქალაქე მოსკოვიდან აფხაზეთის გავლით საქართველოში ჩადიოდა. მან კარგად იცოდა, რომ ჰქონდა დაავადება და ეს არის დანაშაული. მან საფრთხის ქვეშ დააყენა ბევრი ადამიანი: თვითმფრინავის მგზავრები, მესაზღვრეები, საკუთარი ახლობლები. ჩვენი მეორე დაავადებული გაგრაში მცხოვრები მოქალქეც ამავე თვითმფრინავით ჩამოფრინდა სოჭიდან მასთან ერთად. სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდა და შემდეგ აქაც ორი ადამიანი დააინფიცირა, რომელთა შორის ერთი ამჟამად გუდაუთის ჰოსპილტალში მძიმე მდგომარეობაში წევს.

და სხვებზე, რომლებიც ასევე სოხუმიდან ქუთაისში ჩავიდნენ დიაგნოსტიკაზე, მათ შესახებ იცოდით? 

ვიცოდით. მაგრამ ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, პოლიტიკით უნდა დავკავდეთ, დღეს კი სხვა ამოცანის წინაშე ვართ. სიტუაცია უნდა ვაკონტროლოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველდღე მედიასთან აცხადებთ, რომ დღე-ღამეში 5-დან 15 -მდე ადამიანს ტესტავთ კორონავირუსზე. ეს საკმარისია პაციენტების გამოსავლენად? 

ვფიქრობ, საკმარისია. ჩვენ ვამოწმებთ ყველა საკონტაქტო პირს ან მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ. საერთო სურათი ამბობს იმას, რომ სწორად ვიქცევით. ჩვენ არ გვაქვს მწვავე რესპირატორული დაავადებები სახეზე, არ გვაქვს გადავსებული რეანიმაციები, სუნთქვითი პრობლემების მქონე პაციენტებს არ სჭირდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, არ გვაქვს სასიკვდილო შემთხვევები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქამდე არაფერი გამოგვრჩენია.

გარდა ამისა, ტესტებს ეკონომიურად ვიყენებთ.

რამდენადაც ვიცი, ჩვენ მხოლოდ 500 ტესტი გვქონდა. რა იქნება შემდეგ?

ჩვენმა ბიზნესმენებმა დაახლოებით 50 მილიონი რუსული რუბლი [658 ათასი აშშ დოლარი] შეაგროვეს. აქედან რაღაც თანხა ტესტების შესაძენად იყო მიმართული. ეს არ იქნება რუსული ტესტები. როგორც ვიცი, 1000 ტესტზეა საუბარი. ზუსტად ვერ გეტყვით. დღე-დღეზე ველოდებით. ანტისხეულებზე ტესტებიც გვინდა შევისყიდოთ. ეს საშუალებას მოგვცემდა გამოგვევლინა ისინი, ვინც ვირუსი ზამთარში გადაიტანა. გემახსოვრებათ, იანვარ-თებერვალში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის აფეთქება ჩვენთან. მაშინ ანალიზები გრიპზე ტარდებოდა და შედეგი იყო A ტიპის ვირუსი და არა B. ანუ რაღაც უცნობი გრიპით უკვე დავავვადდით. პასუხი, იყო თუ არა ეს COVID- 19, მხოლოდ სეროლოგიური კვლევები მოგვცემს. ეს ტესტები კი ჯერ არ გვაქვს.

ბატონო ალხას, რა იყო საერთაშრისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთისთვის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში? 

საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადმოგვცეს დამცავი საშუალებები: ნიღბები, კომბინეზონები, ხსნარები. ძალიან საჭირო ინვენტარი, რომელიც საერთოდ არ გვქონდა. ამ ინვენტარით უზრუნველვყავით ექიმები და მესაზღვრეები, ანუ ისინი, ვინც მოწინავე ხაზზეა.

საზღვრები ხომ დაკეტილია, თუ მაინც გადაადგილდება ხალხი? 

რა თქმა უნდა, გადაადგილდება. ჩვენ ვერ დავკეტავთ საზღვარს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩამოსასვლელად მათ საშვები სჭირდებათ. ჩვენ ვუშვებთ მხოლოდ მათ, ვისაც სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება და აქვს ყველა დოკუმენტაცია გეგმური ოპერაციისთვის. აქ კი ვუშვებთ მათ, ვინც სამკურნალოდ ან სამშობიაროდ იყო გასული. ასეთები ბევრია, როგორც აღმოჩნდა.

თქვენ აზრით, რატომ გვყავს მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა, რა არის მიზეზი? 

საქმე ის არის, რომ ჩვენ მაშინვე შევძელით დაავადებულების იზოლირება. გაგრაში ცხრასართულიანი სახლი, სადაც ჩვენი პაციენტები ცხოვრობენ, მაშინვე ჩავკეტეთ. ყველა მცხოვრები კარანტინში მოხვდა. ქალაქი ჩაიკეტა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. სხვანაირად არ გამოდიოდა. უფრო ადვილია პრევენცია, ვიდრე მკურნალობა. საქმე არ არის მხოლოდ სასუნთქ აპარატურაში, წამლების საკითხიც საკმაოდ რთულია. ანტივირუსული პრეპარატები ძვირია. თავად პაციენტები ვერ იყიდან და მარაგი მხოლოდ 1000 კაცზე გვაქვს.

20 აპრილს საკარანტინო ზომები შეასუსტეს, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა. რა ხდება რეალურად, სიტუაციის გაუმჯობესებას ველით თუ პრეზიდენტის ინაუგურაციაა მიზეზი? 

სიტუაცია არ უმჯობესდება. რუსეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ პიკი წინაა, საქართველო ყოველდღიურად ამკაცრებს საკარანტინო ზომებს. ჩვენ კი რატომღაც ყველა მოვეშვით. ექიმები ერთს ამბობენ, ხელისუფლება სხვანაირად იქცევა. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა ექიმებს დაეკისრება და მაშინ მხოლოდ სასწაული თუ გადაგვარჩენს მასობრივი გავრცელებისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თავს და სახლში ისხედით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი