ახალი ამბები

COVID-19-ის აპლიკაცია 200 000-მდე მომხმარებელმა გადმოწერა

21 აპრილი, 2020 • 1304
COVID-19-ის აპლიკაცია 200 000-მდე მომხმარებელმა გადმოწერა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ქართულენოვანი აპლიკაცია უკვე 200 000-მდე მომხმარებელმა გადმოწერა. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ აპლიკაციის მომხმარებელთა 60% ანდროიდის მოწყობილობას, 40% კი IOS პლატფორმას იყენებს.

ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდათ თუ არა კონტაქტიახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან, ხელმისაწვდომი 16 აპრილიდანაა.

აპლიკაციის გადმოწერა IOS-ის მომხმარებლებს App Store-დან STOP COVID, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებს Google Play-დან NOVID20 სახელწოდებით შეუძლიათ.

აპლიკაცია მომხმარებლის მოწყობილობას უნიკალურ ID-ს ანიჭებს და ბლუთუზისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მოწყობილობების უნიკალურ ID-ს იმახსოვრებს, რომლებმაც მის სიახლოვეს 10 წუთი ან მეტი დაჰყვეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება, კონფიდენციალურობის დაცვით, ამავე აპლიკაციაში უნდა მიუთითოს, რომ ინფიცირებულია, რის შემდეგაც შეტყობინებას მიიღებს ყველა სხვა მომხმარებელი, რომლებსაც მასთან 10 წუთით ან მეტი დროით ჰქონდათ კონტაქტი.

რამდენად უსაფრთხოა აპლიკაციის გამოყენება და რა მონაცემებზე აქვს წვდომა, ამ საკითხებზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ:

რაზე აქვს წვდომა STOP COVID აპლიკაციას და არის თუ არა საფრთხე – ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი