ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფორმალური კარანტინი ცხინვალში – სახლებში მხოლოდ ახალგორელები რჩებიან

21 აპრილი, 2020 • 2044
ფორმალური კარანტინი ცხინვალში – სახლებში მხოლოდ ახალგორელები რჩებიან

ავტორი: ჟურნალისტი, მურატ გუკემუხოვი


იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ასე თუ ისე დაკავშირებულია საქართველოსთან და რუსეთთან, და ამავე დროს, ადგილობრივი ხელისუფლება უკანასკნელ დრომდე თავს არ იწუხებდა საკარანტინო ღონისძიებებით, შეიძლება ითქვას, გასაკვირია, რომ სამხრეთ ოსეთში COVID-19-ის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა.

პირველად კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით მღელვარება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 27 თებერვალს გამოხატა, როდესაც  ადგილობრივმა უშიშროების საბჭომ ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტის დახურვა კარანტინის საბაბით გადაწყვიტა. ეს მოხდა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

უნდა ითქვას, რომ ანატოლი ბიბილოვი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის თავისუფალი გადაადგილების აშკარა მოწინააღმდეგედ გვევლინება – მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამშვები პუნქტები ნებისმიერი საბაბით იხურება.

შესაბამისად, ადგილობრივმა მოსახლეობამ საბჭოს გადაწყვეტილება აღიქვა არა როგორც რეგიონის მოსახლეობის ვირუსისგან დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯად, არამედ საქართველოსგან იზოლაციის მცდელობად. ეს შთაბეჭდილება იმიტომაც შეიქმნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საკარანტინო ზომებს თავადაც კი არც განიხილავდა სერიოზულად .

უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან “სინაგურისა” და “რაზდახანის” გამშვები პუნქტების გავლით დაბრუნებულებს, თვითიზოლაციის რეჟიმი ან სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი უნდა გაევლოთ. თუმცა ამ ზომებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მათ თავად ექიმებიც უგულებელყოფდნენ – დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი მოქალაქეები მაღაზიებში და ქუჩებში მოსეირნენიც შენიშნეს.

ამ ისტორიაში თვალსაჩინოა ლენინგორის [ახალგორი] მცხოვრების, ალა ჯალაღონიას ამბავი. ახალგაზრდა ქალი უკვე გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ დისა და სიძის დაკრძალვაზე გაატარეს იმ პირობით, რომ დაბრუნების შემდეგ ორკვირიან კარანტინს გაივლიდა.

დაბრუნების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ალა ჯალაღონიას კარანტინი უნდა გაევლო, ახლობლები, ნაცნობები და ნათესავები აკითხავდნენ სამძიმრის გამოსახატავად. ორი კვირის შემდეგ კი სახლში გაუშვეს.

თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პანდემიის საფრთხე აწუხებს მხოლოდ მთავარ სანიტარს, მარინა კოჩიევას, რომელიც პერიოდულად ჩნდებოდა ეკრანებზე რეკომენდაციებით და სიფრთხილისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას.

ამავე დროს პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი სოსლან კოკოევი სოციალურ ქსელში “პანიკის” წინააღმდეგ აგიტაციით იყო დაკავებული. აქვეყნებდა პოსტებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია და მის შესახებ ამბები მსოფლიო მოსახლეობის დასაშინებლადაა გამოგონილი. რა თქმა უნდა, მსგავს პოსტებს თავად ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მომხრეებიც ეთანხმებოდნენ.

სრულიად გასაგებია, რომ მსგავსი წინააღმდეგობრივი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ არის საუკეთესო ფონი საზოგადოების მობილიზაციისთვის პანდემიის საფრთხის წინაშე. მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან საფრთხის მიმართ დამოკიდებულება მაშინ შეიცვალა, როდესაც საქართველოსა და რუსეთში სტატისტიკამ ზრდა დაიწყო.

13 მარტს მარინა კოჩიევამ, მთავარმა სანიტარმა, საპარლამენტო სესიის სხდომაზე განაცხადა, რომ ცხინვალში არსებული ლაბორატორია არ არის გათვალისწინებული ტესტების ჩასატარებლად.

“ჩვენი ლაბორატორიის დონე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მსგავსი კვლევებით დავკავდეთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს რესპუბლიკაში სხვა ლაბორატორია არ არის, ავიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ჩვენი თანამშრომლები გავგზავნეთ სტავროპოლის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტში. ვფიქრობ, მათ იქიდან გარკვეული რაოდენობის ტესტები ჩამოიტანეს, რომელიც დასაწყისისთვის სამყოფი იქნება”.

16-დან 18 მარტამდე ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა, ოფიციალური ცნობით, სწავლება სტავროპოლის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე გაიარეს. მათთან ერთად სამხრეთ ოსეთში  ჩამოვიდა ინსტიტუტის სპეციალისტიც. 25 მარტიდან რუსეთიდან 200 ანალიზზე გათვლილი ტესტი შემოიტანეს [ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის გამოვლენილი].

16 მარტიდან ერთი თვით შეაჩერეს რეგიონში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის [რუსეთის მოქალაქეების გარდა] შემოსვლა. 18 მარტიდან სამხრეთ ოსეთში კარანტინი გამოცხადდა სასაწავლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში.

27 მარტს ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ვირუსის გავრცელების შემაკავებელ სხვა ზომებს ითვალისწინებდა.

პრევენციული ზომების დაგვიანებით მიღების მიზეზი იმით აიხსნება, რომ პრეზიდენტმა ბიბილოვმა არ მოისურვა მისთვის მნიშვნელოვანი მასობრივი ღონისძიების გადადება – ყოველწლიური მიმართვა ხალხისადმი და პარლამენტისადმი, რომლითაც ის რუსეთის პრეზიდენტს ბაძავს.

25 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, 27 მარტს კი კარანტინი შევიდა ძალაში.

საფრთხის მიმართ რეალური ყურადღება კი ხელისუფლებამ 7 აპრილის შემდეგ გამოიჩინა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთში პირველი დაინფიცირებული გარდაიცვალა. 8 აპრილს მთლიანად დაიხურა რუსეთთან საზღვარი ერთი კვირით. არ ატარებდნენ დაბრუნებულ ოს მოსაქალეებსაც კი და პროდუქტით დატვირთულ სატვირთოებს.

მიუხედავად ზოგიერთი პრევენციული ზომისა, რომელიც ეპიდემიოლოგიის სამსახურმა მიიღო, ცხინვალი არ არის მზად, წინააღმდეგობა გაუწიოს პანდემიას. ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ათი აპარატია, თუმცა არ არის საავადმყოდოების პერსონალისთვის დამცავი საშუალებები, ნიღბები და ხელთათმანები. მწირია ასევე მედიკამენტების მარაგი და, რაც ყველაზე მთავარია, კვალიფიციური კადრების, კერძოდ კი რეანიმატოლოგების დეფიციტია.

12 აპრილს ოპერატიული შტაბის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა სამხრეთ ოსეთში შემოსვლის ახალი წესები გაახმიანა.

ახალი წესებით მხოლოდ სიებით მოხდება  მოქალაქეების შემოსვლა და ამ სიებს ვლადიკავკაზში არსებული სამხრეთ ოსეთის საკონსულო სააგენტო შეადგენს. იკრძალება 10- ზე მეტი ადამიანის შემოსვლა ერთი სპეციალური ტრანსპორტით.  მგზავრები ვალდებული არიან, ჰქონდეთ დამცავი საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები და შემოსვლის დროს თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ, რის შემდეგაც კარანტინში მოათავსებენ.

ბოლო და ყველაზე გადამწყვეტი ზომა, რომელზეც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა წავიდა, ეს არის თვითიზოლაციის რეჟიმის გაუქმება სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის სასარგებლოდ.

არანაირი თვითიზოლაცია სახლში! რა არის თვითიზოლაცია? ადამიანი ჩამოვიდა სახლში, არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია და შეიძლება ოჯახი დაავადდეს, მათგან- მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და ა.შ. ამიტომაც არანაირი თვითიზოლაცია, მხოლოდ სტაციონარი, მხოლოდ ბოქსი”, – განაცხადა ბიბილოვმა მეწარმეებთან შეხვედრისას.

ძირითადი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა შეუძლებელია, რადგან საკვები პროდუქტები, წამლები და პირველი მოხმარების საგნები მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის სავაჭრო ბაზებიდან შემოდის.

აქამდე 70-დან 80 მანქანა შემოდიოდა, ჯამში, 5 ტონამდე პროდუქციით. კარანტინის პირობებში კი ხელისუფლება დაუკავშირდა ინდმეწარმეებს და ბიზნესის შემდეგი სქემა შესთავაზა: ყოველდღიურად 7-8 ავტომობილს გაატარებენ. ჩამოსვლის შემდეგ კი ისინი იძლებული იქნებიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ. ამ სქემის ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს,რომ ასეთი რეჟიმით მომარაგება არ იქნება საკმარისი. გარდა ამისა, თვეში მხოლოდ ორჯერ წასვლა და პროდუქტის გასაყიდად ჩამოტანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ მისცემს ინდმეწარმეებს. ამიტომაც რუსი გადამზიდავების სქემაში ჩართვა იგეგმება იმ პირობით, რომ ტრანსპორტის ჩამოტვირთვის დროს ისინი არ დატოვებენ მანქანებს  და არ დაეკონტაქტებიან ადგილობრივებს. ეს პირობა თავად ბიბილოვმა გაახმიანა, თუმცა, არ უთქვამს, როგორ გაკონტროლდება პროცესი და როგორ მოხდება რუსი მეწარმეების მომსახურება ადგილზე, გათვალისწინებულია თუ არა მათთვის საპირფარეშოები, საკვები ობიექტები და ბენზინგასამართი სადგურები.

გარდა ამისა, ჯერ გაურკვეველია ისიც, რამდენად დათანხმდებიან ამ წესებს თავად გადამზიდავები.

ცალკე “იდეების პაკეტი” გაახმიანდა შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მხრიდან. მან მოუწოდა მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ და განაცხადა, რომ მილიცია დააკავებს და დააჯარიმებს ყველა დამრღვევს, რომლებიც ტროტუარებზე ან სავალ გზებზე ადამიანების თავშეყრას უწყობენ ხელს. თუმცა არც მას დაუზუსტებია, რამდენი ადამიანის შეკრება იკრძალება.

სამხრეთ ოსეთის მთავარი მილიციონერის გაფრთხილების შემდეგ, სამხრეთ ოსეთში მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დღესასწაულები სრულმასშტაბიანად აღნიშნეს. ბზობა და აღდგომა მასობრივი ღონისძიებებით და მსვლელობებით იზეიმეს, გადატვირული იყო ავტომობილებიც, რომლებითაც ხალხი ერთმანეთთან სტუმრად დადიოდა. სიფრთხილე მხოლოდ ახალგორის მოსახლეობამ გამოიჩინა, რომელიც ქართულ ტელევიზიებს უყურებს. ქართულმა არხებმა იქ ყველა დაარწმუნა, რომ აღდგომა საკუთარ სახლში უნდა აღნიშნონ.

დღესასწაულების შემდეგ ცხინვალელები სოფლებში ჩადიან, სადაც ზაფხულამდე კიდევ სხვა ეკლესიურ თუ ტრადიციულ დღესასწაულებს აღნიშნავენ, რა თქმა უნდა, არც ისინი ჩაივლის ხალხმრავლობის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი