ახალი ამბები

უმისამართო ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

20 აპრილი, 2020 • 2998
უმისამართო ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა, ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს:

“საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი”, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი