ახალი ამბებიკომენტარი

საქართველომ ყველა სააღდგომო კვერცხი ეკლესიის კალათაში ჩაალაგა

18 აპრილი, 2020 • 3943
საქართველომ ყველა სააღდგომო კვერცხი ეკლესიის კალათაში ჩაალაგა

ავტორი: ლორენც ჰილფიკერი

სააღდგომო დღესასწაულებთან ასოცირებული აქტივობების მატებამ და ეკლესიის გადაწყვეტილებამ არ შეზღუდოს ფართომასშტაბიანი ღვთისმსახურების აღსრულება, უკვე გააჩინა კითხვები უნდა ველოდოთ თუ არა covid-19 ეპიდაფეთქებას საქართველოში მომავალ დღეებსა თუ კვირებში.

არსებული შიშების სამართლიანობას მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი მაგალითი ადასტურებს. მასობრივმა რელიგიურმა შეკრებებმა საგრძნობლად გაზარდა covid-19 ინფექციის გავრცელება, ქვემოთ გთავაზობთ მსგავსი მაგალითების (არასრულ) ჩამონათვალს:

ყველაზე ფართოდ მაინც სამხრეთ კორეის მაგალითია გასაჯაროვებული: 9 და 16 თებერვალს, ქალი, რომელიც შემდგომ „პაციენტი №31“ სახელით გახდა ცნობილი, დაესწრო ორ საკვირაო წირვას სინჩხონჯის იესოს ეკლესიაში ქალაქ დაეგუში.

18 თებერვალს, Covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ის გახდა 31-ე ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც Covid-19 დაუდგინდა.

მხოლოდ სამი კვირის შემდეგ, დაეგუში 6 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა, რომელთა უმრავლესობა სწორედ სინჩხონჯის იესოს ეკლესიას უკავშირდება.

პანდემიის გავრცელება სამრეთ კორეაში პირველი დადასტურებული შემტხვევიდან (21 იანვარი) დღემდე. „პაციენტი №31” გამოვლინდა 18 თებერვალს, ის ორ საკვირაო წირვას (9 და 16 თებერვალს) დაესწრო.

შთამბეჭდავია, თუ როგორ მოახერხა სამხრეთ კორეის მთავრობამ სიტუაციის კონტროლირება და შემთხვევათა სწრაფი ზრდის შეკავება: 3 მარტს, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ათასი ახალი დაავადების შემთხვევა დარეგისტრირდა. მხოლოდ ერთი კვირის თავზე, ეს რიცხვი ათეულებამდე იქნა დაყვანილი. დღეის მონაცემებით, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ ეხლახანს გადააბიჯა ათი ათასს (აქედან შვიდი ათასი შემთხვევა ქალაქ დაეგუზე მოდის).

კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (KCDC) მონაცემების ანალიზი გვეხმარება დავინახოთ თუ როგორ გახდა ეს შესაძლებელი:

ერთი მხრივ, სამხრეთ კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც მასობრივი ტესტირების სტრატეგია აირჩია. სანამ სხვა ქვეყნები ყოველთვის სიმპტომებიანი პაციენტების ტესტირებასაც კი ვერ ახერხებდნენ, სამხრეთ კორეაში უკვე მოქმედებდა მობილური ტესტირების პუნქტები. ასევე, სწორედ სამხრეთ კორეა ლიდერობს ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით მსოფლიოში.

მეორე მხრივ, სამხრეთ კორეის მთავრობამ შემთხვევების რაოდეობის ზრდის მიუხედავად განაგრძო დაავადებული პაციენტების კონტაქტების და კავშირების აქტიური მოძიება. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მტკიცებით, დღეისთვის, ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 90%-ის დაავადების წყარო გამოვლენილია. ასევე ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა კლასტერების შესახებ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი სწორედ ამ კლასტერებს ასახავს მათი ზომისა და კლასიფიკაციის მიხედვით:

სამხრეთ კორეაში ყველა დადასტურებული შემთხვევის (16 აპრილის მონაცემებით 10’613) კლასიფიკაცია კლასტერების მიხედვით. თითოეული რგოლის სიდიდე პროპორციულია კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევათა რაოდენობასთან.

როგორც ვხედავთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საყურადღებო კლასტერი არამხოლოდ სინჩხონჯის იესოს ეკლესიამ, არამედ კიდევ სულ მცირე ხუთმა ეკლესიამ შექმნა. ინფექციის გავრცელების კერებად ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰოსპიტალები და მოხუცებულთა თავშესაფრები, მათ მოსდევს სავარჯიშო და სპა ცენტრები, სამუშაო დაწესებულებები და ადგილობრივი მოსახლეობის შეკრებები. სკოლებს და ბაღებს არ შეუქმნიათ სერიოზული კლასტერები, რაც უნდა ვივარაუდოთ იმის გამოცაა, რომ ინფექციის გავრცელება დაემთხვა სასკოლო არდადეგებს, რომელიც მაშინვე გახანგრძლივდა.

ქვეყნის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, საქართველომ ჯერჯერობით კარგად გაართვა თავი დაავადებულების კონტაქტების დადგენას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, სამხრეთ კორეის მსგავსად, არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას კლასტერების შესახებ, ძირითადად იგულისხმება, რომ ახალ შემთხვევათა უმეტესობა ცნობილ ან/და გამოკვლეულ კლასტერებთანაა კავშირში.

თუკი საქართველოში შემთხვევათა ზრდა ისეთივე სისწრაფით მოხდა როგორც სამხრეთ კორეულ ქალაქ დაეგუში, რთულია ვირწმუნოთ, რომ ქვეყანა შეძლებს სამხრეთ კორეული მაგალითის გამეორებას და ეპიდემიაზე კონტროლის დროულად დაბრუნებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა გაფართოებული ტესტირების საჭიროება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მომდევნო კვირებში დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობის გაზრდაზე (თანდათან 1500-ე ტესტის ჩატარების შესაძლებლობით).

გასულ თვეში, საქართველოში ყველა დადასტურებულ შემთხვევაზე, 20 უარყოფითი ტესტის პასუხი მოდიოდა. თუ შემთხვევათა რაოდენობა იმატებს დღიურად, არსებული ტესტირების პოლიტიკის შესანარჩუნებლად, უნდა გაიზარდოს ჩატარებული ტესტების რაოდენობაც. შესაბამისად, თუ დავუშვებთ რომ დღეში 1500 ტესტიც კი ტარდება, სისტემა ვერ გაუძლებს დღეში 50-100 შემთხვევაზე მეტის მიღებას.

დღეს არსებული გადაცემის დაბალი დინამიკის (დეტალურად განხილულია ამ პოსტში) პირობებშიც კი, დღეიდან ორი კვირის თავზე შეიძლება აღარ იყოს რესურსი ყველა იმ ადამიანის დასატესტად ვისთვისაც ეს აუცილებელი იქნება.

ასეთ მომენტში, რომელიც გადამწყვეტადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ, მთავრობამ არაერთხელ, უშედეგოდ სთხოვა, როგორც სამღვდელოებას შეეჩერებინა ან შეეცვალა ღვთისმსახურების წესი, ასევე მოქალაქეებს, დამორჩილებოდნენ კანონს და დარჩენილიყვნენ სახლში.

ამ თემაზე დებატებმა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება გამოაშკარავა. ერთიანი პოზიცია არც ეკლესიის შიგნით ჩანს, რამდენიმე მღვდელმსახური ეკლესიის ოფიციალურად გაჟღერებულ პოზიციას არ ეთანხმება.

ახალი კორონავირუსის შედარებით ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, სწორედ მომდევნო რამდენიმე კვირა შეიძლება მოგვევლინოს ვითარების მტკივნეულ გარდამტეხად.


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ბლოგზე: Covidingeorgia.com-ზე. ავტორი ლორენც ჰილფიკერი ამჟამად თბილისში იმყოფება და მონაცემების გამოყენებით ქმნის მასალებს საქართველოში covid-19-ის შესახებ. ის არის ფიზიკა-მათემატის მეცნიერებების დოქტორი, სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტში.

 

ამავე თემაზე

საქართველო ჯერჯერობით იაპონიის მაგალითს იმეორებს | COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი