ავტორი: ლორენც ჰილფიკერი
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდასთან ერთად, დროა, აქ არსებული მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის ტრაექტორიებთან მიმართებაში განვიხილოთ. დღეის მონაცემებით, საქართველო იაპონიის ტრაექტორიას მიჰყვება, თუმცა აშკარაა, რომ ჩამორჩება ისეთ წარმატებულ მაგალითებს, როგორიცაა აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე მდიდარი ქვეყანა.
Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები საქართველოში დაახლოებით იმავე დროს დაფიქსირდა, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, ვირუსის გავრცელება დასავლეთ სამყაროსთან შედარებით გაცილებით დაბალია.
მაგალითისთვის, ჩემს მშობლიურ შვეიცარიაში პირველი შემთხვევა საქართველოზე ერთი დღით ადრე, 25 თებერვალს დადასტურდა. თუმცა, 12 აპრილის მდგომარეობით, შვეიცარიაში დაავადებულთა რაოდენობამ უკვე ოცდახუთი ათასს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს მიაღწია. ამავე დღის მონაცემებით, საქართველოში 252 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მხოლოდ სამი პაციენტია გარდაცვლილი.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკში წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ის ქვეყანა, რომლებშიც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ, სულ მცირე, ერთი კვირის წინ ასს მიაღწია (წვრილი ნაცრისფერი ხაზები).
ათვლას იმ დღიდან ვიწყებთ, როცა თითოეულ ქვეყანაში ინფიცირების მეასე შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში ეს რაოდენობა თორმეტი დღის წინ დაფიქსირდა და, როგორც გრაფიკზე ჩანს, ამ დღიდან საქართველო გავრცელების დაბალი სისწრაფის შენარჩუნებას ახერხებს. საქართველოში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგება, საშუალოდ, ყოველ რვა-ცხრა დღეში ხდება. შიდა გავრცელების ეტაპზე გადასული ქვეყნებისთვის ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ხაზი, რომელიც საქართველოში ვირუსის გავრცელების ტრაექტორიას ასახავს, თითქმის სწორია, რაც ზრდის ტემპის ექსპონენციურობაზე მიგვინიშნებს.
რა ხდება სხვა ქვეყნების შემთხვევაში? ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში ეპიდემიური აფეთქების ტემპმა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო ზრდა. საწყისი, უკიდურესად სწრაფი გავრცელების ფაზის შემდეგ (როცა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის ყოველდღე ორმაგდებოდა) ქალაქი ჩაიკეტა (ჩვენს გრაფიკზე ეს თარიღი მე-4 დღეს ემთხვევა) და მთავრობამ კონტროლის მკაცრი ზომების მიღება დაიწყო. ვირუსის გავრცელების მრუდის ტრაექტორიის გაბრტყელების დასაწყისს მკაცრი ზომების შემოღებიდან ერთი კვირის თავზე ვხედავთ.
ირანის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის რეაქცია ვირუსთან ბრძოლაში საგრძნობლად ნელი და ნაკლებად აგრესიული აღმოჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნები პიკს ჩინეთზე უფრო გვიან და დადასტურებულ შემთხვევათა მეტი რაოდენობებით მიაღწევენ.
ეპიდაფეთქებები ბრაზილიასა და ინდოეთში შედარებით გვიან დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ქყვენებმა დროის მოგება ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიას თითქმის სამი კვირით ჩამორჩებიან, დღევანდელი მოცემულობით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეპიდემია ყველაზე მძიმედ გადააქვთ, მალევე დაეწევიან.
აქვე ვხედავთ იაპონიას, რომელიც განსხვავებული ტრაექტორიის მაგალითია. ჩინეთთან გეოგრაფიულმა სიახლოვემ ის თავიდანვე დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად მცირე დრო ჰქონდა, იაპონიამ ვირუსის გავრცელების ტემპის შედარებით დაბალ დონის შენარჩუნება მოახერხა (თუმცა, ზრდა სრულად ვერ შეაჩერა).
სწორედ, იაპონიის მაგალითია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ქვეყანა, დღესდღეობით, თითქმის 6-კვირიანი ჩამორჩენით, ამ აზიური ქვეყნის ტრაექტორიას მიჰყვება.
იაპონიის შემთხვევაში ყურადღებას ისიც იპყრობს, რომ ქვეყანამ ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება აგრესიული ტესტირებისა და შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე შეძლო. როგორც ნიუ იორკ ტაიმსის სტატიაში ვკითხულობთ: „იაპონიის ინფექციის მიმართ რეზისტენტულობა, შესაძლოა, ქვეყნის ისეთი კულტურული ნორმების შედეგი იყოს, როგორიცაა ხელების ხშირი ბანა და მისალმებისას თავის დაკვრა ხელის ჩამორთმევის ნაცვლად. ასევე, მოსახლეობა მატარებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეებს ხშირად ატარებს“.
მოდით, საქართველოს ტრაექტორია უფრო კონკრეტული ქვეყნების ჯგუფებს შევადაროთ:
როგორც ვხედავთ, ახალი კორონავირუსისადმი წარმატებული პასუხით საქართველო ქვეყნების მხოლოდ ერთ ჯგუფს ჩამორჩება. თუმცა ნათელია, რომ საუკეთესო მაგალითებს აღმოსავლეთ აზიის მდიდარი ქვეყნები წარმოადგენენ:
- ვირუსის გავრცელება ექსპონენციურად იზრდება იაპონიაში, სინგაპურსა და ჰონგ კონგში, თუმცა ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპაში (ვირუსის გავრცელების შეჩერებისკენ მიმართული ზომების მიღებამდე).
- ტაივანსა და ბრუნეიში მოხერხდა ვირუსის გავრცელების თითქმის სრული შეჩერება მისი დაფიქსირებისთანავე.
- სამხრეთ კორეასა და მალაიზიაში ეპიდაფეთქება ერთი (თითოეულში) ღონისძიების გამო მოხდა (ქრისტიანული და მუსულიმური მასობრივი რელიგიური შეკრებები), თუმცა გავრცელების შენელება მოხერხდა. კონკრეტულად, სამხრეთ კორეამ, ადრეული აგრესიული ტესტირებებისა და დაავადებულთა კონტაქტების გამოკვლევის წყალობით, მრუდი რეკორდულად მოკლე დროში გააბრტყელა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილთაგან ბევრ ქვეყანას მწვავე რესპირაციულ დაავადებათა ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილება აქვს (მაგ. 2003 წელს SARS-ის გავრცელება ჰონგ კონგში, სინგაპურსა და ტაივანში და 2015 წლის MERS-ის გავრცელება სამხრეთ კორეაში).
შეძლებს თუ არა საქართველო, ტაივანის მსგავსად, ვირუსის გავრცელების მრუდი იქამდე მორკალოს, სანამ 500 დადასტურებულ შემთხვევას მიაღწევს? თუ აღდგომის დღესასწაული ეპიდაფეთქების ახალ ტალღად მოგვევლინება და სრულად შეცვლის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არსებულ ტრაექტორიას?
თუ მოვლენები აქ აღნიშნული სცენარებიდან არცერთის მიხედვით განვითარდა, საქართველო იაპონიის ტრაექტორიით მოძრაობას განაგრძობს, რომლის დროსაც ინფექციათა დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ნელა, მაგრამ სტაბილურად გაიზრდება. ამან, შესაძლოა, თავიდან აგვაცილოს კატასტროფული სცენარი დღეს, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება გამოსავალს მაინც არ გვთავაზობს. იაპონიისთვის ეს უკვე პრობლემად იქცა – გაჩნდა ცნობები, რომ იაპონიის მოსახლეობას ჰიგიენური წესების დაცვისგან გადაღლილობა აღენიშნება. ახალი შემთხვევების ზრდამ კი, სულ ახლახან, 7 აპრილს, იაპონიის მთავრობა აიძულა შემოეღო საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით.
სტატიაში გამოყენებული ყველა მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია John Hopkins CSSE-ის მონაცემთა ბაზაში: https://github.com/CSSEGISandData/COVID-19
ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან ქეთი ქანთარიას მიერ. ტექსტის რედაქტირებაზე იმუშავა ნათია ლურსმანაშვილმა.