ახალი ამბები

*144# – სავარაუდოდ, მზადდება სისტემა სახლიდან გასვლის ნებართვებისთვის

16 აპრილი, 2020 • 3715
*144# – სავარაუდოდ, მზადდება სისტემა სახლიდან გასვლის ნებართვებისთვის

16 აპრილს საღამოს საათებში ფეისბუკზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მობილურ ტელეფონებზე გააქტიურდა სწრაფი კოდი (USSD) კომბინაციით *144#.

144 არის ცხელი ხაზი, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნა მთავრობამ.

ამჟამად, 23:00 საათისთვის, ეს სწრაფი კოდი (*144#) აღარ არის ხელმისაწვდომი. ფეისბუკის მომხმარებლების მოლოდინით, ეს იყო სისტემა, რომლითაც, მოქალაქეები კარანტინის გამკაცრების შემთხვევაში ისარგებლებენ.

კომბინაციის აკრეფის შემდეგ მომხმარებელს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევდა — ენის არჩევა, მოქალაქეობის მითითება, პირადი ნომრის, დაბადების თარიღის მითითება, რის შემდეგაც გარეთ გავლის ხუთ მიზნიდან ერთის არჩევის საშუალებას იძლეოდა:

1. სურსათის საყიდლად — 2 საათი;
2. აფთიაქში — 1 საათი;
3. ფულის ჩასარიცხად — 30 წუთი;
4. გასეირნებისთვის — 20 წუთი;
5. ცხოველის გასეირნებისთვის — 20 წუთი;

ამ ეტაპზე, 16 აპრილისთვის, მოქალაქეებს არ სჭირდებათ გასასვლელად სპეციალური ნებართვები.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მთავრობის პრესსამსახურს კითხვით, მზადდებოდა თუ არა ეს სწრაფი კოდი კარანტინის პირობების გამკაცრებისთვის. მათგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„უკვე ამოქმედებულია მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ამ ეტაპზე, ცხელი ხაზი იღებს მხოლოდ სატელეფონო ზარებს. ამასთან, განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა 144-ის მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც.

ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს“.


სრული კარანტინის გამოცხადების შესაძლებლობაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ.


USSD კოდის გავრცელების შემდეგ, ფეისბუკზე რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ცხოველების გასეირნებისთვის 20 წუთი არასაკმარისი დროა და იმედოვნებენ, რომ ეს დრო, სულ მცირე, 1 საათამდე გაიზრდება.

მესიჯის გაგზავნის შემდეგ შეძლებთ სახლის დატოვებას – მინისტრი მოსალოდნელ კარანტინზე

მასალების გადაბეჭდვის წესი