ახალი ამბები

ტაძარი არ უნდა გაივსოს, ღია ტაძარში მოვიაზრებთ სასულიერო პირებს – წულუკიანი

16 აპრილი, 2020 • 1516
ტაძარი არ უნდა გაივსოს, ღია ტაძარში მოვიაზრებთ სასულიერო პირებს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სააღდგომოდ ტაძრების ღიად დატოვებაში მოიაზრება, რომ იქ სასულიერო პირები უნდა იყვნენ.

„ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეკლესია, უბრალოდ, ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას. ეს არის ორჯერ ორი=4. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტვ „იმედის“ ეთერში.

„ღია ტაძარი არის ჩვენს იდენტობაში უდიდესი სიმბოლო. ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში აღდგომაზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ და თუკი იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე“, – განაცხადა მან.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კატასტროფის წინაშე შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პანდემიის მასობრივად გავრცელების რისკის მიუხედავად, მსახურებას აგრძელებს.

ეკლესიის და სახელმწიფოს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ მრევლი იცავს ტაძრებში დისტანცირების წესებს, თუმცა ამით პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად არ მცირდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ უცვლელი დარჩა საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკა.

15 აპრილს საპატრიარქოსა და მთავრობაში გაიმართა პრესკონფერენციები, სადაც სპიკერებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შეთახნმების შედეგად, კვირას, აღდგომაზე, მაინც გაიმართება მსახურება და მრევლი მაინც ივლის წირვებზე.

როგორც თეოლოგი, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი და ინსტიტუციის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბასილ კობახიძე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებს, — არასწორია მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე სწორება, რადგან ხალხის დიდი რაოდენობით ნებისმიერი შეკრების დროს არსებობს პანდემიის გავრცელების რისკი;

არაერთი კრიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესებში გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის დაკისრებულ მოვალეობას და ვერ ახერხებს, გავლენიანი მართლმადიდებელ ეკლესიის მიერ შექმნილი საფრთხე ააცილოს მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი