ახალი ამბები

რაზე აქვს წვდომა STOP COVID აპლიკაციას და არის თუ არა საფრთხე – ინტერვიუ

16 აპრილი, 2020 •
რაზე აქვს წვდომა STOP COVID აპლიკაციას და არის თუ არა საფრთხე – ინტერვიუ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგისთვის შექმნილი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც IOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის, თუმცა მისი ჩაშვებიდან მალევე Android-ის მომხმარებლების ნაწილმა შენიშნა, რომ აპლიკაცია წვდომას მიკროფონზე ითხოვდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ სთხოვდა აპლიკაცია მომხმარებელთა ნაწილს მიკროფონზე წვდომას და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ რეალურად, აპლიკაცია მოწყობილობის მიკროფონს  არ იყენებს და ამის შემოწმება ყველა მომხმარებელს მოწყობილობის პარამეტრებში თავად შეუძლია.

ორგანიზაცია “კიბერჰაუსის” დამფუძნებელი მიშა ბასილაია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული სისტემების აუდიტის მიმართულებით მუშაობს, “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ აპლიკაციას მიკროფონი ე.წ. Google Nearby ტექნოლოგიის გამოყენებისთვის სჭირდება და მომხმარებელთა საუბრებს არ იწერს.

ბასიალაი განმარტავს, რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით Android-ის სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები ერთმანეთს ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველ სიგნალებს უგზავნიან, რისი წყალობითაც ერთმანეთთან სიახლოვეს ადგენენ:

“რეალურად, მიკროფონზე წვდომას არ იპოვებს ეს აპლიკაცია. ითხოვს წვდომას მიკროფონზე იმიტომ, რომ იყენებს ე.წ. Google Nearby ტექნოლოგიას. ეს ტექნოლოგია ერთმანეთთან ახლოს მყოფ სმარტფონებს უადვილებს ერთმანეთის აღმოჩენას და ერთ-ერთი მეთოდი, რითაც ეს ტექნოლოგია მუშაობს, არის ხმოვანი სიგნალების გაგზავნა, რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის, მაგრამ ეს სმარტფონები იჭერენ. მიკროფონზე რომ ითხოვს წვდომას, ამ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის არის საჭირო, თუმცა, რეალურად, მიკროფონზე წვდომა არ აქვს”,  – განმარტავს ბასილაია “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ავსტრიულმა კომპანიამ, რომელმაც აპლიკაცია შექმნა, ყველა კოდი საჯაროდ გამოაქვეყნა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ბასილაია აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კოდები ჯანდაცვის სამინისტრომაც დაამატა, თუმცა ამ დრომდე ვერაფერი კრიტიკული და შემაშფოთებელი ვერ აღმოაჩინეს:

“აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შექმნა და საჯაროდ დადო მისი კოდი, რომელიც ხელიმისაწვდომია. თუმცა, სავარაუდოდ, რაღაცები დაამატა ჯანდაცვის სამინისტრომ, მაგრამ ვერაფერი კრიტიკული და შემაშფოთებელი ვერ ვნახეთ. რაზეც ითხოვს წვდომას ტექნიკურად, ეს არის  Bluetooth და WIFI, ანუ შეეძლება ინტერნეტში კომუნიკაცია და ასევე შეეძლება, რომ ბლუთუზი ჩართოს და დაუკავშირდეს მოწყობილობებს. სხვა, მიკროფონსა და კონტაქტებზე, არ აქვს წვდომა” ,- ამბობს “კიბერჰაუსის” დამფუძნებელი.

ბასილაია აცხადებს, რომ ერთადერთი პერსონალური ინფორმაცია, რაზეც აპლიკაციას წვდომა აქვს, ადამიანის გადაადგილების მარშრუტია, თუმცა აღნიშნავს: რომ არა ეს მონაცემი, აპლიკაცია უსარგებლო იქნებოდა:

“პერსონალურ ინფორმაციაზე, რაზეც აქვს წვდომა, არის მოძრაობის ისტორია. ანუ, ადამიანი სადაც მოძრაობს, ზუსტი ლოკაცია სჭირდება, რომელ ქუჩაზე გაიარა ადამიანმა, როდის და ზუსტად ქუჩის რომელ მხარეს იყო. ეს მონაცემი რომ არ ჰქონდეს, მაშინ აზრი არ ექნებოდა ამ აპლიკაციას” ,- ამბობს ბასილაია.

“კიბერჰაუსის” დამფუძნებლის თქმით, ამ დროისთვის აპლიკაცია უსაფრთხოა, თუმცა არსებობს თეორიული რისკი, რომ რამდენიმე თვეში ის განახლდეს და ახალი ფუნქციები დაემატოს, რომელიც მის შემქმნელებს მეტ წვდომას მისცემს, მომხმარებლებმა კი წაკითხვის გარეშე განაახლონ, თუ რა ახალ ფუნქციებს იძენს აპლიკაცია.

” მაგალითად, ირანში რაც იყო, ამბობდნენ: ეს აპლიკაცია არაფერს აკეთებს, მხოლოდ კორონავირუსის ტრეკინგისთვის არისო. თუმცა მომხმარებლისგან დამოუკიდებლად სხვა მონაცემებსაც აგროვებდა.  ჩვენი, ქართული აპლიკაცია არაფერს ისეთს არ აგროვებს, რასაც წინასწარ არ ეუბნებიან მომხმარებელს.

უბრალოდ, თეორიული რისკია, რომ 3 თვეში განაახლონ ეს აპლიკაცია, ახალი ფუნქციონალი ჩადონ, მომხმარებელს შეტყობინება მიუვიდეს, მან კი პირდაპირ განაახლოს და აპლიკაციამ მეტი ინფორმაცია წაიღოს. ეს არის თეორიული რისკი. მეორე თეორიული რისკია, რომ რა ინფორმაციასაც მოაგროვებს, ის კი არის ანონიმური, მაგრამ სხვა ინფორმაციასთან შეჯერებით შეიძლება კონკრეტულ ადამიანებზე გასვლა”, – ამბობს “კიბერჰაუსის” დამფუძნებელი “ნეტგაზეთთან”.

აპლიკაციის შესახებ წაიკითხეთ: 

COVID-19-ის ქართულენოვანი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი