დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მოლეკულური პი-სი-არ (PCR) ტესტების მარაგი 20 ათასით შეივსო, საღამოს კი კიდევ ამდენივეთი გაიზრდება.
ეს ის ტესტებია, რომლებიც კორონავირუსის აღმოჩენისთვის გამოიყენება და მას NCDC ოქროს სტანდარტად მოიხსენიებს.
„დღევანდელი რიცხვით 6 000 პი-სი-არ ტესტზე მეტია ქვეყანაში ჩატარებული. დღეს შეივსო სერიოზულად მარაგი – 20 000 ტესტით, და კიდევ ველოდებით საღამოს თვითმფრინავს კორეიდან, კიდევ 20 000 ტესტით.
შემდგომ გეგმაა, რომ ჩვენ სამი თვის განმავლობაში 100-120 ათასამდე ავიდეთ. ასევე, საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერის დავალებაა, რომ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობა გაიზარდოს“, – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში 5 ლაბორატორიაა, რომელიც ამ ანალიზებს ატარებს – „ჩვენ 21 რიცხვიდან დაგვემატება კიდევ 6, შემდგომ -კიდევ 6 ლაბორატორია და გეგმა არსებობს, თუ როგორ უნდა ავიდეთ 1000-1500 ტესტირებამდე დღეში და შემდგომ უფრო მეტზეც“.
საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა – ბოლო 24 საათში,მაჩვენებელი 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.
ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.